ალოპეცია, იგივე თმის ცვენა, შეიძლება იყოს ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დროს. თმის ცვენა ონკოლოგიური დაავადების მქონე, განსაკუთრებით ქალი პაციენტებისთვის, არა მხოლოდ ფიზიკური ცვლილება, არამედ ემოციური გამოწვევაა.
ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი ანადგურებს არა მარტო სიმსივნურ უჯრედს, არამედ მოქმედებს ჯანმრთელ, მათ შორის თმის ფოლიკულებში არსებულ უჯრედებზე, რომლებიც მუდმივად იზრდება და მრავლდება. სწორედ ამიტომ, ზოგ შემთხვევაში, თმის ცვენა იწყება ქიმიოთერაპიის დაწყებიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ. შესაძლოა ამას წინ უძღოდეს თავის ქალის მგრძნობელობის მომატება, სიმშრალე ან ტკივილი. თმის ცვენის სისწრაფე და ინტენსივობა განსხვავდება, თუმცა, როგორც წესი, თმა ცვივა სწრაფად და ინტენსიურად, ზოგჯერ სრულადაც, დაახლოებით ერთ კვირაში.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს პროცესი შექცევადია: უმეტეს შემთხვევებში თმა ზრდას იწყებს ქიმიოთერაპიის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, ზოგჯერ კი მკურნალობის პარალელურადაც. შესაძლოა თქვენი ახალი თმა იყოს იმავე ტექსტურისა და ფერის, როგორც ადრე, თუმცა ზოგჯერ ხდება ცვლილებებიც - შეიძლება ადრე სწორი თმა ხუჭუჭად ამოვიდეს ან ფერი შეეცვალოს, გახდეს უფრო ღია ან მუქი. ეს ყველაფერი ნორმალური მოვლენაა და დროთა განმავლობაში თმა ხშირად თავის ძველ მდგომარეობას უბრუნდება.
როგორ გავუმკლავდეთ თმის ცვენის გამოწვევას
მნიშვნელოვანია, პროცესი ვმართოთ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურადაც. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ მარტო და შესაძლებელია, რომ ეს გზა ნაკლებად მტკივნეულად გაიაროთ.
შეხვდით ამ პროცესს მომზადებული და ინფორმირებული
ვიდრე თმის ცვენა დაიწყება, სასურველია გაესაუბროთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს და ჰკითხოთ, გამოიწვევს თუ არა თქვენი ქიმიოთერაპია თმის ცვენას მაღალი ალბათობით. ზოგიერთი ქიმიოთერაპიული პრეპარატი არ იწვევს ამ გვერდით ეფექტს ან იწვევს მხოლოდ მცირე ცვლილებებს.
შეიჭერით თმა მოკლედ ან გადაიპარსეთ
ბევრ პაციენტს ეხმარება წინასწარ თმის მოკლედ შეჭრა ან გადაპარსვა, ეს ამცირებს სტრესს, რომელიც თმის მოულოდნელ და უწესრიგო ცვენას მოჰყვება. ამასთან ეს გაძლევთ შესაძლებლობას, თავად აკონტროლოთ და ემოციურად მოემზადოთ ამ პროცესისთვის.
წინასწარ შეარჩიეთ პარიკი ან თავსაბურავი
ქიმიოთერაპიამდე შეგიძლიათ მოირგოთ პარიკი, რათა ის მაქსიმალურად ჰგავდეს თქვენს ჩვეულ ვარცხნილობას. სთხოვეთ სტილისტს, შეგირჩიოთ კომფორტული ვარიანტი. ასევე, შეგიძლიათ შეარჩიოთ თავსაბურავები: რბილი ქსოვილის შარფები, ქუდები ან ბაფთები. როცა არჩევანი წინასწარ გაქვთ გაკეთებული, თმის ცვენის დაწყებისას სწრაფად შეძლებთ რეაგირებას და თავს დაცულად იგრძნობთ.
სიფრთხილით მოუარეთ თქვენს თავს
თავის დაბანისას გამოიყენეთ რბილი, თმისთვის უსაფრთხო შამპუნი (მაგალითად, საბავშვო შამპუნი), მოერიდეთ თავის ზედმეტად ცხელი წყლით დაბანას, უხეშ პირსახოცს და ფენით გაშრობას, ასევე, თმის მოვლის ისეთ საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს თავის კანი ან დარჩენილი თმა: თმის უთო, უხეში სავარცხელი, თმის სამაგრები, საღებავი, ლაქი და ა.შ.
დაიცავით თავის კანი
თმის დაკარგვის შემდეგ, თქვენი კანი უფრო მგრძნობიარე გახდება მზის, სიცივის და ქარის მიმართ. ატარეთ ქუდი ან შარფი გარეთ ყოფნისას, თუ თავსაბურავს არ იყენებთ, აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი კრემი.
იყავით მზად უჩვეულო სიცივისთვის
თმის გარეშე თავი უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, ამიტომ სახლშიც კი ატარეთ რბილი ქსოვილის ქუდი, რომ თავზე არ შეგცივდეთ. ეს ფიზიკური კომფორტი ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ ატლასის თეთრეული
ატლასის ბალიშის პირი გაცილებით ნაკლებ ხახუნს იწვევს, ვიდრე ბამბის ქსოვილი, ამიტომ ძილის დროს თავს უკეთესად იგრძნობთ.
არ დამალოთ თქვენი შეგრძნებები
თმის ცვენა შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც საკუთარი გარეგნობის, იდენტობის ან „საკუთარი თავის“ დაკარგვა. ეს გრძნობები რეალურია. ესაუბრეთ მათ შესახებ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ფსიქოლოგს. თუ თმის ცვენა ძლიერ ემოციურ სტრესს გიქმნით, აუცილებლად აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს. ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ონკო-ფსიქოლოგის კონსულტაციით, რაც, ასევე, დიდ შვებას მოგგვრით.
თმის ცვენა დროებითი გვერდითი მოვლენაა. თმა აუცილებლად გაიზრდება, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ თმის ცვენა არ გცვლით - თქვენ კვლავ რჩებით იმ ძლიერ და მებრძოლ ადამიანად, ვისაც შეუძლია ცვლილებების მიღება და მზადაა ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს!
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.