გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (გსდ) მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ეს დაავადებებია: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ჰიპერტენზია, სარქვლოვანი პათოლოგიები, გულის რითმის დარღვევები, თანდაყოლილი მანკები, ქვემო კიდურების არტერიების იშემია და ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, საქართველო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიკვდილიანობის მაღალი რისკის ქვეყანას წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მეტი ინფორმაცია ამ დაავადებების პრევენციის და მათი დროული ამოცნობის შესახებ.
გსდ განვითარების რიკს ფაქტორები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: უცვლადი და ცვლადი.
უცვლადია ისეთი რისკ ფაქტორები, როგორიცაა:
- ასაკი (გსდ განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად ),
- სქესი (გსდ გავრცელება მამაკაცებში უფრო მეტია ვიდრე მენოპაუზამდე მყოფ ქალებში. მენოპაუზის შემდგომ რისკები თითქმის თანაბარია),
- ეთნიკურობა/რასა (როგორც ვახსენეთ, საქართველო მაღალი რისკის ქვეყანას მიეკუთვნება) და
- გენეტიკა (თუ სისხლით ახლო ნათესავს, განსაკუთრებით მამაკაცს, ჰქონდა გსდ ან უეცარი სიკვდილი)
ცვლადი რისკ ფაქტორებია:
- ჭარბი წონა
- არაჯანსაღი დიეტა
- თამბაქოს მოხმარება (მათ შორის ელექტრო სიგარეტები, „ვეიპი“)
- ალკოჰოლის მოხმარება
- ფიზიკური ინაქტივობა
- დიაბეტი
- დისლიპიდემია (სისხლის ცხიმების (საერთო ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ტრიგლიცერიდები) თანაფარდობის დარღვევა)
- მაღალი არტერიული წნევა
- ფსიქოლოგიური სტრესი
ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ რისკ-ფაქტორების ცვლად კომპონენტებზე, ამიტომ, მნიშვნელოვანია მათი მაქსიმალურად გაუმჯობესება, რომ უკვე არსებული, უცვლადი რისკ-ფაქტორების გავლენა მაქსიმალურად შევამციროთ. ჭარბი წონისა და ჯანსაღი კვების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ბლოგში.
განვიხილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები დეტალურად.
თამბაქოს მოხმარება
თამბაქოს მოხმარებას შეუძლია გაზარდოს ტრიგლიცერიდების რაოდენობა (ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი სახეობა), შეამციროს „კარგი“ ქოლესტერინი, ხელი შეუწყოს თრომბის წარმოქმნას, დააზიანოს სისხლძარღვების ამომფენი უჯრედები, გამოიწვიოს სისხლძარღვების გასქელება და მათი სანათურის შევიწროება. ეს ყველაფერი შემდგომში გამოიწვევს: ათეროსკლეროზს, კორონარულ დაავადებებს (მაგ. გულის შეტევა და უეცარი სიკვდილი), ინსულტს, პერიფერიული არტერიების დაავადებებს და ა.შ.
თამბაქოს მოხმარება ზრდის კორონარული დაავადებების და ინსულტის რისკს 2-4 -ჯერ და მეტადაც. იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც დღეში ხუთ ღერზე ნაკლებ სიგარეტს ეწევიან, შეიძლება აღენიშნებოდეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების ადრეული ნიშნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია არა თამბაქოს მოხმარების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი სრულიად შეწყვეტა.
კარგი ამბავი ისაა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მცირდება მოწევის შეწყვეტიდან ერთი დღეში, ერთი წლის შემდეგ კი დაავადებების რისკი ნახევრდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ან რამდენს ეწეოდით, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო შედეგი მოწევის შეწყვეტისთანავე დადგება..
ალკოჰოლის მოხმარება
ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის უახლესი კვლევების თანახმად, ალკოჰოლი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, განსაკუთრებით ქალებში. იმ ქალებს, რომლებიც ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარენ, დაავადების 45%-ით მეტი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ალკოჰოლს ზომიერად მოიხმარენ (29%). ხოლო კაცებს, რომლებიც ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს, 22%-ით მეტი ალბათობა აქვთ გსდ-ის განვითარების, ვიდრე მათ, ვინც ალკოჰოლს ზომიერად მოიხმარენ. რეკომენდებულია ალკოჰოლის მოხმარების შემცირება კვირაში 100გ-მდე.
ფიზიკური აქტივობა
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ამცირებს გსდ-ის რისკს. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წონის კონტროლს, ამცირებს მაღალი არტერიული წნევის, მაღალი ქოლესტერინის და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ალბათობას. თუ დიდი ხანია, რაც არ გიაქტიურიათ, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა ნელ-ნელა დაგჭირდეთ აქტივობის გაზრდა. ზოგადად, თქვენი მიზანი უნდა იყოს მინიმუმ:
- კვირაში 150-300 წთ ზომიერი აერობული ვარჯიშები, როგორიცაა სწრაფი ტემპით სიარული;
- კვირაში 75-150 წთ ენერგიული აერობული ვარჯიში, როგორიცაა სირბილი.
- კვირაში ორი ან მეტი ძალისმიერი ვარჯიში.
აქტივობის ხანმოკლე პერიოდებიც კი სასარგებლოა გსდ-ის პრევენციისთვის. ფიზიკურ აქტივობად შეიძლება მივიჩნიოთ ბაღში საქმიანობა, სახლის დალაგება, ძაღლის გასეირნება და კიბეებზე ასვლაც. შედეგის მისაღებად მძიმე ვარჯიში არაა საჭირო. თუმცა, ვარჯიშის ინტენსივობის, ხანგრძლივობის და სიხშირის გაზრდით, მეტ სარგებელს მიიღებთ.
დიაბეტი
დიაბეტი გსდ-ის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და გულის უკმარისობის გაზრდილი რისკი აქვთ. მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის მკაცრი მეთვალყურეობა, დიეტის დაცვა, სისხლში გლუკოზის დონის აქტიური კონტროლი, ფიზიკური აქტიურობა. დიაბეტს ხშირად თან ახლავს სხვა რისკ-ფაქტორებიც, როგორიცაა: ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, დისლიპიდემია. აუცილებელია, დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან 10 წლიანი გსდ-ის სიკვდილიანობის რისკის შეფასება. ხშირ შემთხვევაში, მსგავს პაციენტებთან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამიტომ დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ექიმის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.
დისლიპიდემია
დისლიპიდემია სისხლში ცხიმების (საერთო ქოლესტერინი, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, ტრიგლიცერიდები) თანაფარდობის დარღვევაა. იგი შეიძლება ან ცალკე, ან სხვა დაავადებებთან (მაგ. დიაბეტთან) ერთად არსებობდეს. დისლიპიდემიას ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობაც (მაგ. ოჯახური ჰიპერქოლესტერნიმენია). აუცილებელია, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანსაღი კვების წესები. ასევე, გენეტიკური წინასწარგანწყობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ადრეული ასაკიდან ქოლესტერინის პერიოდული კონტროლი.
მაღალი არტერიული წნევა
მაღალი არტერიული წნევა განისაზღვრება, როგორც მეტი 140/90-ზე. სამწუხაროდ, საზოგადოებაში არასწორი მოსაზრებაა გავრცელებული, რომ მაღალი წნევა ყოველთვის სიმპტომურია. ამის გამო შესაძლოა არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირება დროულად არ მოხდეს, რაც შემდგომში ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას გამოიწვევს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის პერიოდული სკრინინგი, განსაკუთრებით ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც უკვე აქვთ გსდ-ის დაავადებების განვითარების რისკები: დიაბეტი, ჭარბი წონა ან ჰიპერტენზიისკენ ოჯახური მიდრეკილება. ნატრიუმის და მარილის შემცირება, გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, ჭარბი წონის პრევენცია, ალკოჰოლის შეზღუდვა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ხელს უწყობს ჰიპერტენზიის პრევენციას და არტერიული წნევის დაწევას. მნიშვნელოვანია ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტები ყოველდღიურად აწარმოებენ წნევის მონიტორინგს, განსაკუთრებით წელიწადის დროების ცვლილებისას, როდესაც ზაფხულში, ძირითადად დაბალი წნევის გამო, პაციენტები მედიკამენტების მიღებას თვითნებურად წყვეტენ, შემოდგომაზე ტემპერატურის კლებასთან ერთად იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევები.
სტრესი
მუდმივმა სტრესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს არტერიულ წნევასა და გსდ-ის სხვა რისკ-ფაქტორებზე. ზოგიერთი ადამიანი სტრესს არაჯანსაღი გზებით უმკლავდება, მაგალითად ზედმეტი ჭამით, დალევით ან მოწევით. სტრესს ფიზიკური აქტივობით, სარელაქსაციო ვარჯიშებით, იოგითა და მედიტაციით ეფექტურად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ..
გადაჭარბებული სტრესის დროს მნიშვნელოვანია, გაიაროთ სამედიცინო შემოწმება. მუდმივი სტრესი შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებთან, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. ეს დაავადებები, ასევე, ზრდიან გსდ-ის რისკებს, რადგან ამ დროს რთულია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ დეპრესია ან შფოთვა, დროულად მიმართეთ ექიმს.
აუცილებელია თუ არა ყველა ამ რჩევის გათვალისწინება? თუ არსებობს რაიმე მედიკამენტი ან ვიტამინი, რომელიც დაგვიცავს გსდ-ის განვითარებისგან?
გსდ-ის რისკების პრევენციისთვის და უკვე არსებული დაავადებების პროგრესირების შესანელებლად გარკვეული მედიკამენტების და ვიტამინების მიღება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა, პრეპარატები მხოლოდ ნახევარი საქმეა. მაქსიმალური შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია მედიკამენტოზურ თერაპიას დავეხმაროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გავითვალისწინოთ ექიმის მითითებები და, საჭიროების შემთხვევაში, ჩავიტაროთ რუტინული გამოკვლევები.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
მანანა კაციტაძე, კარდიოლოგი
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.