იმუნოთერაპია

უკვე ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მეცნიერთა ყურადღება მიიქცია ორგანიზმის იმუნური სისტემის  უნარმა, ებრძოლოს და დაამარცხოს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. იმუნოლოგიის პრაქტიკულმა გამოყენებამ ონკოლოგიაში მედიცინის ახალი  დარგი, იმუნოონკოლოგია შექმნა. ბოლო ათწლეულების მეცნიერული და ფარმაცევტული ტექნოლოგიების ერთობლივმა მიღწევებმა კიბოს მკურნალობაში, ხელმისაწვდომი გახადა აქამდე არსებულისაგან სრულიად  განსხვავებული პრეპარატები. 

კიბოს იმუნოთერაპიის პრინციპია, იმოქმედოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე ისე, რომ გააძლიეროს მისი უნარი კიბოს უჯრედის დასამარცხებლად. კლინიკა "კონსილიუმ მედულა" საქართველოში იმუნოთერაპიის, როგორც კიბოს სტანდარტული მკურნალობის დანერგვის პროცესის აქტიური მონაწილეა. ამის საფუძველს იძლევა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში კლინიკის აქტიური მონაწილეობა 2004 წლიდან  და უკვე იმუნოთერაპიაში გამოცდილი კლინიკური ონკოლოგების ძალისხმევა. კლინიკაში ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებში გამოყენებული რამდენიმე იმუნოპრეპარატი უკვე მთელს მსოფლიოშია აღიარებული და დაშვებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" ძუძუს, ფილტვის, თირკმლისა და ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება იმუნოთერაპიული მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსებით. კლინიკაში მუდმივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში ჩართულ ონკოლოგიურ პაციენტებს გამოკვლევები და იმუნოპრეპარატებით მკურნალობა უფასოდ უტარდებათ.  

რა არის იმუნოთერაპია
რა არის იმუნოთერაპია

იმუნური  სისტემა არის ბიოლოგიური სტრუქტურებისა და პროცესების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის იმუნიტეტს.  იმუნიტეტი  არის ორგანიზმის უნარი,  ამოიცნოს, ებრძოლოს და მოიცილოს მისთვის უკვე არასაჭირო, სიცოცხლისუუნარო, საკუთარი და პათოლოგიურად მზარდი კიბოს უჯრედები, პათოგენური მიკროორგანიზმები.

კიბოს უჯრედი ვერაგია, ხშირად მას აქვს უნარი, დაემალოს იმუნურ სისტემას ან დათრგუნოს  მისი ბრძოლის უნარი და ამგვარად შეიქმნას  ხელსაყრელი გარემო.

იმუნოთერაპია არის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა, რა დროსაც კიბოსთან საბრძოლველად გამოიყენება საკუთარი იმუნური სისტემა, მისი გააქტიურება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე პრეპარატების გამოყენებით. 

იმუნოთერაპიის მიზანია:  

  • იმუნურმა სისტემამ იოლად ამოიცნოს კიბოს უჯრედი ან თვით ეს უჯრედი ხილვადი გახდეს მისთვის, შეებრძოლოს, დათრგუნოს და შეწყვიტოს კიბოს უჯრედშიდა გამრავლების პროცესი;
  • გააძლიეროს იმუნური სისტემის უნარი, იმოქმედოს სიმსივნის უჯრედზე.
იმუნოთერაპიის ტიპები  

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მოწოდებული იმუნოპრეპარატების  ზემოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ იმუნოთერაპიის შემდეგი ტიპებს: 
 

იმუნური სისტემის საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორები
 

იმუნურ სისტემას გააჩნია საკონტროლო წერტილები, რომლებიც მას არ აძლევს უფლებას ებრძოლოს და დააზიანოს ჯანმრთელი უჯრედები. კიბოს უჯრედი, იყენებს რა ამას თავის სასარგებლოდ, ემალება იმუნურ სისტემას. Საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორები ხსნის ამ "მუხრუჭს" და იმუნური სისტემა ამოიცნობს კიბოს უჯრედს, შეუტევს და კლავს მას.

საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორები უკვე აქტიურად გამოიყენება შემდეგი ონკოდაავადებების სამკურნალოდ: მელანომა, ფილტვის კიბოს ზოგიერთი ფორმა, შარდის ბუშტის, თირკმლის, კუჭის, ღვიძლისა და თავ-კისრის მიდამოს კიბო, ლიმფომა.
 

ადოპტური T უჯრედული თერაპია
 

T უჯრედები იმუნური სისტემების ჯარისკაცებია. T-უჯრედი Ბრძოლას იწყებს მაშინ, როცა მიიღებს ინფორმაციას უცხო უჯრედის მავნეობის შესახებ. სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად იმუნური სისტემა T უჯრედებს ამრავლებს, რათა უკეთ ამოიცნოს, შეებრძოლოს და დაამარცხოს მოწინააღმდეგე. ლაბორატორიულად გამრავლებული და/ან თვისობრივად გაძლიერებული საკუთარი T-უჯრედების ტრანსფუზია არის ადოპტური T- უჯრედული თერაპია. 
 

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები
 

კიბოს ვაქცინის მთავარი მიზანია იმუნურმა სისტემამ უცხოდ აღიქვას კიბოს უჯრედის ანტიგენები და მის საწინააღმდეგოდ ანტისხეულები გამოიმუშავოს. 
 

მონოკლონური ანტისხეულები
 

მონოკლონური ანტისხეულები ემაგრება კიბოს ან იმუნური უჯრედების ზედაპირზე არსებულ სპეციფიკურ ცილებს და შესაბამისად:

  • კიბოს უჯრედი ხდება ხილული და სამიზნე იმუნური სისტემისთვის
  • იზრდება იმუნური უჯრედების კიბოსთან ბრძოლის უნარი
     

ციტოკინოთერაპია 
 

ციტოკინოთერაპია არის იმუნოთერაპიის ტიპი, როცა იმუნური პასუხის გამოსაწვევად გამოიყენება ბუნებრივი ცილები: ინტერფერონები და ინტერლეიკინები. ეს პრეპარატები გამოიყენება მელანომის, თირკმლის კიბოს, ასევე, ზოგიერთი ლეიკემიისა და ლიმფომის სამკურნალოდ. როგორც წესი, ეფექტურობის გასაზრდელად, მკურნალობა ტარდება სხვა ტიპის იმუნოთერაპიასთან კომბინაციაში. 

ვის შეიძლება ჩაუტარდეს იმუნოთერაპია

იმუნოთერაპიის ჩატარება დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, სტადიაზე, მის გენეტიკურ ანალიზზე და ბიომარკერების არსებობაზე. ეს გამოკვლევები ტარდება ოპერაციულ ან ბიოფსიურ მასალაზე და განსაზღვრავს იმუნოთერაპიის ეფექტურობას. დღეს არსებული იმუნოპრეპარატები ყველა სიმსივნის სამკურნალოდ ნაჩვენები არ არის. კონკრეტული შემთხვევის და, აგრეთვე, მკურნალობის უკეთესი გამოსავლის გათვალისწინებით, იმუნოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ერთი ან ორი პრეპარატით, ან ქიმიოპრეპარატთან ერთად, რაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგს. იმუნოთერაპია  შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე,  კიბოს რეციდივის რისკის შესამცირებლად. იმუნოთერაპია არ ინიშნება, თუ პაციენტს აქვს აუტოიმუნური დაავადება.

იქნება თუ არა იმუნოთერაპია შერჩეული, როგორც მკურნალობის ერთადერთი ან ერთ-ერთი მეთოდი, დამოკიდებულია კიბოს სპეციფიკურ ტიპსა და სტადიაზე, ასევე, ბიომარკერებზე, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, ექნება თუ არა პაციენტის იმუნურ სისტემას სათანადო პასუხი იმუნოთერაპიულ პრეპარატზე.

როგორ ხდება იმუნოთერაპიული პრეპარატის მიღება

იმუნოთერაპიული პრეპარატების მიღება, უმეტეს შემთხვევაში, ხდება ინტრავენური (IV) გზით, როდესაც პრეპარატის შეყვანა ხდება ვენაში. სიხშირე და დოზირება დამოკიდებულია კონკრეტულ პრეპარატზე, ისევე როგორც ინტერვალები ინიექციებს შორის. აგრეთვე, იმუნოთერაპიული პრეპარატები არის ტაბლეტირებული და კანში შესაზელი ფორმითაც (კანის კიბოსთვის).

იმუნოთერაპიის უპირატესობები

იმუნოთერაპია, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, ჯანმრთელ უჯრედზე არ მოქმედებს, ამიტომ შესაძლებელია გახანგრძლივებული მკურნალობა სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებით.

იმუნოთერაპიას აქვს ნაკლები თანმხლები და მოგვიანებითი გვერდითი მოვლენები. მკურნალობის პერიოდში უფრო ხშირად ვლინდება ფაღარათი, დაღლილობა, კანზე გამონაყარი, რაც ნაკლებად აისახება სიცოცხლის ხარისხზე და ექვემდებარება სიმპტომურ მკურნალობას. შესაძლოა აუტოიმუნური რეაქციაც, რაც მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას საჭიროებს. ქიმიოთერაპიის მოგვიანებითი გვერდითი მოვლენა შეიძლება შეუქცევადიც იყოს. მაგ., პერიფერიული ნეიროპათია. თუ პაციენტი დადებითად რეაგირებს იმუნოთერაპიაზე, დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ქიმიოთერაპიის შემდეგ. 

როგორ მუშაობს იმუნოთერაპია

თუ თქვენ გაინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია იმუნოთერაპიის გამოყენება თქვენს შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, ჩვენი კლინიკური ონკოლოგები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას.

ჩვენი გუნდი