კონსილიუმ მედულას ონკოლოგის, სალომე კორძაიას წარმატება საერთაშორისო კონკურსში BRIGHT Award Competition

2026 წლის 13–14 თებერვალს, რომში საერთაშორისო კონკურსი Bright Award Competition გაიმართა. კონკურსში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კლინიკური ონკოლოგები და მკვლევრები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო ისეთი ინოვაციური კლინიკური კვლევის იდეების გამოვლენა, შემდეგ კი განხორციელების ხელშეწყობა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე ონკოლოგიის განვითარებასა და ახალი სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბებაში.  

ღონისძიებაზე  „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა სალომე კორძაიამ კვლევის იდეა წარადგინა, რომელიც ეხებოდა ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში დაბალდოზირებული იმუნოთერაპიის, როგორც პერსონალიზებული და პოტენციურად უფრო ხელმისაწვდომი მკურნალობის გამოყენებას. კონცეფცია მიზნად ისახავს მკურნალობის ეფექტურობის შენარჩუნებას შემცირებული დოზირების პირობებში და ტოქსიკურობის პროფილის ოპტიმიზაციას.

პროექტებს ონკოლოგიის სფეროს ევროპის წამყვანი ექსპერტები აფასებდნენ. წარმოდგენილი კვლევის იდეა ევროპელი ექსპერტების მიერ გამარჯვებულად დასახელდა და სალომე კორძაიას BRIGHT Award-ის ჯილდო გადაეცა.

აღნიშნული წარმატება წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას როგორც ავტორისთვის, ასევე ჩვენი კლინიკისთვის, რომელიც აქტიურად არის ჩართული თანამედროვე ონკოლოგიური მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში.