ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

კლინიკა „კონსილიუმ მედულას" ონკოლოგი სალომე კორძაია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა. შეხვედრა კომპანია AstraZeneca-ს ინიციატივით 25 მარტს შედგა. ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე ონკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. მისი ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის წარმატების შანსებს და სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური მეთოდი ფილტვის დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფიაა (LDCT). ეს კვლევა შესაძლებელს ხდის, დაავადება გამოვლინდეს იმ ეტაპზე, როცა სიმპტომები ჯერ არ არის გამოხატული. „კონსილიუმ მედულაში" ფილტვის დაბალდოზირებული კომპიუტერული ტომოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დროულად გაიარონ სკრინინგი და მიიღონ კვალიფიციური შეფასება სპეციალისტებისგან.

შეხვედრის მონაწილეებს სალომე კორძაიამ, ასევე, გააცნო ფილტვის კიბოს მკურნალობის ისეთი თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა ტარგეტული თერაპია და იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდია. მისი მიზანია პაციენტის იმუნური სისტემის გააქტიურება, რათა ორგანიზმმა შეძლოს სიმსივნური უჯრედების ამოცნობა და განადგურება. ჩვეულებრივ, კიბოს უჯრედები იმუნურ სისტემას "ემალებიან" და თავიდან ირიდებენ მის შეტევას. იმუნოთერაპიული პრეპარატები ამ ბარიერებს ხსნის და ეხმარება ორგანიზმს სიმსივნესთან ბრძოლაში.

 „კონსილიუმ მედულას" კლინიკური ონკოლოგების გუნდს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს იმუნოთერაპიით მკურნალობის მიმართულებით. კლინიკა აქტიურად იყენებს იმუნოთერაპიას ფილტვის კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს პაციენტებს, მიიღონ თანამედროვე და პერსონალიზებული მკურნალობა.

საქართველოში რამდენიმე იმუნოთერაპიული პრეპარატი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამასთან, „კონსილიუმ მედულაში" პაციენტებს შეუძლიათ,  დამატებით, მიმდინარე საერთაშორისო კლინიკური კვლევების ფარგლებში ჩაიტარონ მკურნალობა სხვა, უახლესი თაობის იმუნოთერაპიული პრეპარატებითაც.