2025 წლის 15 თებერვალს, თბილისში, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე „გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და დიფერენციალური დიაგნოსტიკა“, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა, კლინიკურმა ონკოლოგმა დავით თაბაგარმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „იმუნოთერაპია – ფილტვის კიბოს განკურნების შესაძლებლობა“. მოხსენებაში დეტალურად იქნა განხილული იმუნოთერაპიის არსი, მიღებული შედეგები და კლინიკის სამომავლო გეგმები.
წარდგენილი მონაცემები მოიცავდა სამი კლინიკის – „კონსილიუმ მედულას“, „ბათუმის მედ-ცენტრის“ და „მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ – საერთო შედეგებს. აღნიშნული კლინიკები გაერთიანდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ეგიდით, რათა ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის იმუნოლოგიური ლაბორატორიის საშუალებით ერთობლივად შეისწავლონ და განავითარონ იმუნოთერაპიის შესაძლებლობები.
ამ სამი კლინიკის გამოცდილებაზე დაყრდნობით, დადასტურდა, რომ იმუნოთერაპიამ დრამატულად შეცვალა ონკოლოგიური დაავადებების გადარჩენადობის მაჩვენებლები: თუ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას 5-წლიანი გადარჩენადობა მხოლოდ 4%-ს შეადგენდა, იმუნოთერაპიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზარდა.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შედეგისა, მკურნალობის აღნიშნული მეთოდი ყველა პაციენტში ერთნაირ ეფექტურობას ვერ იძლევა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში თავს იჩენს ავტოიმუნური გვერდითი მოვლენები.
არსებობს ჩვენთვის უცნობი ბიოლოგიური მარკერები, რომელთა შესწავლაც თითოეულ პაციენტთან მიმართებაში წინასწარ მოგვცემს ინფორმაციას იმუნოთერაპიის ეფექტურობაზე და მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე. ეს ასევე დაგვეხმარება შევარჩიოთ პაციენტზე მორგებული მკურნალობის სქემა - მისი სიხშირე და ხანგრძლივობა. კონფერენციაზე დავით თაბაგარმა სწორედ ამ შედეგებისა და ბიომარკერების შესწავლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რაც მიზნად ისახავს პაციენტებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფას.