კლინიკა “კონსილიუმ მედულას” Accreditation Canada-ს პლატინის სერტიფიკატი ოფიციალურად გადაეცა

11 თებერვალს კლინიკა “კონსილიუმ მედულას” Accreditation Canada-ს პლატინის სერტიფიკატი გადაეცა. „Accreditation Canada-ს აღიარება ადასტურებს კლინიკის ერთგულებას ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის, პაციენტთა უსაფრთხოების, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივი განვითარებისკენ. პლატინის სერტიფიკატით დადასტურებული ხარისხი არის კლინიკის 22-წლიანი შეუპოვარი შრომის და უწყვეტი განვითარების შედეგი,“- აღნიშნა საზეიმო ცერემონიალზე „კონსილიუმ მედულას“ დამფუძნებელმა დავით თაბაგარმა. 

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა და ხარისხის დირექტორმა ანა ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა კლინიკის ყველა თანამშრომელს აკრედიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის, ერთობლივი ძალისხმევით კლინიკამ 1300-ზე მეტი საერთაშორისო სტანდარტი დააკმაყოფილა.  

Accreditation Canada-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა კატერინა ტარასოვამ მაღალი შეფასება მისცა „კონსილიუმ მედულას“ მიღწეულ შედეგებს. როგორც მან აღნიშნა, აკრედიტაციის პროცესში დეტალურად შეფასდა კლინიკის საქმიანობის ყველა ასპექტი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პაციენტის უსაფრთხოებას, პაციენტზე ორიენტაციას, ინფექციების პრევენციას, კრიტიკული სიტუაციების მართვას და გუნდურ მუშაობას.

Accreditation Canada-ს ევროპული განვითარების მენეჯერმა იულია შჩერბინამ კლინიკის თანამშრომლებს გააცნო აკრედიტაციის პროცესის გამოცდილება ევროპის ქვეყნებში და წარმატება უსურვა „კონსილიუმ მედულას“ გუნდს მიღწეული შედეგების შენარჩუნების და განვითარების საქმეში. 

საქართველოში Accreditation Canada-ს წარმომადგენელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო აკრედიტების პროცესს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისათვის, რა შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო აღიარება კლინიკებს და რა ვალდებულებები აქვთ აკრედიტებულ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების შენარჩუნებისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის. 

„კონსილიუმ მედულას“ თანადამფუძნებელმა, კლინიკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დირექტორმა მარიამ თაბაგარმა აღნიშნა, რომ აკრედიტაცია მკურნალობის დასავლური სტანდარტების დასამკვიდრებლად კლინიკის 22-წლიანი ძალისხმევის დასტურია და გამოთქვა იმედი, რომ შესაძლებელი იქნება  შემდგომი განვითარება და ამ ფასეულობის შენარჩუნება.  

„კონსილიუმ მედულას“ პაციენტთა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია შუბლაძემ ისაუბრა პაციენტთა საბჭოს საქმიანობაზე, აქტიურ კომუნიკაციაზე კლინიკის ადმინისტრაციასთან, რამაც შესაძლებელი გახადა პაციენტების რეალური გამოცდილების და მათი ოჯახის წევრების მოსაზრებების გაზიარება. გამოთქვა იმედი, რომ პაციენტთა საბჭოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მკურნალობის ხარისხის და მომსახურების გაუმჯობესებაში. 

„კონსილიუმ მედულას“ დირექტორმა ტარიელ თოდუამ მადლობა გადაუხადა Accreditation Canada-ს წარმომადგენლებს უმნიშვნელოვანესი აღიარებისათვის, რომელიც ადასტურებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხის დაცვისადმი ერთგულებას. 

Accreditation Canada სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებს, ორგანიზაციის მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესება. Accreditation Canada-ს აქვს 60 წლიანი გამოცდილება მსოფლიოს 42-ზე მეტ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში.