2024 წლის 25 სექტემბერს შედგა კლინიკა „კონსილიუმ მედულასთან“ არსებული პაციენტთა და მათი ოჯახის წევრების მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა.
კლინიკა “კონსილიუმ მედულას” ხარისხის სამსახურის მენეჯერმა ქეთი მესხმა საბჭოს წევრებს გააცნო პაციენტთა კვლევის შედეგები და პაციენტებისაგან უკუკავშირის მიღების არსებული პრაქტიკა. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს რეკომენდაციები მიღებული სერვისების შეფასების კრიტერიუმების მეტი დეტალიზაციის შესახებ, რაც გათვალისწინებული იქნება მომავალში.
„კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა დირექტორმა ანი ბოლქვაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო ინციდენტების გამჟღავნების პროცედურის არსებული პრაქტიკა. შეხვედრაზე განიხილეს ინციდენტების გამჟღავნებისას სამედიცინო პერსონალის, ექიმისა და კლინიკის პასუხისმგებლობის, ასევე, ეთიკური საკითხები. საბჭოს წევრების რეკომენდაციით, ინციდენტების გამჟღავნებისას უნდა იყოს გამოყენებული ინდივიდუალური მიდგომა კონკრეტული პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ინტენსიურ თანამშრომლობას და ინფორმაციის გაზიარებას შეხვედრებს შორის პერიოდში, მომავალი შეხვედრა ჩაინიშნა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს.