2024 წლის 25-28 ივნისს კლინიკა „კონსილიუმ მედულასთან“ არსებულ პაციენტთა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა თეა სხიერელმა, რომელიც საბჭოს კოორდინატორის ფუნქციას ასრულებს. შეხვედრებზე განიხილეს საბჭოს წევრების მოსაზრებები და რეკომენდაციები პაციენტებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ბროშურებზე, რომლებიც მათ გადაეცათ საბჭოს პირველი შეხვედრის დროს.
საბჭოს წევრების ნაწილმა ფასეული შენიშვნები გაგვიზიარა ბროშურების შინაარსის პაციენტებისათვის მეტად გასაგები ფორმით ჩამოყალიბების, მასალის გავრცელების არხებისა და ფორმების შესახებ. კლინიკის მენეჯმენტმა გაიზიარა შენიშვნები და შესაბამის ცვლილებებს შეიტანს საკომუნიკაციო მასალებში ნაწოლების პრევენციის, თრომბოზის, წაქცევის პრევენციისა და ტკივილის მართვის თემებზე.
ასევე, გამოითქვა მნიშვნელოვანია რეკომენდაცია, რომ საჭიროა ანალოგიური საგანმანათლებლო ბეჭდური მასალა მომზადდეს ონკოლოგიური პაციენებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კიბოს დიაგნოზის მიმღებლობის, ფსიქოლოგიური მხარდაჭრის მნიშვნელობის, ონკოლოგიური პაციენტებისათვის კლინიკაში არსებული ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების შესახებ. კლინიკის მენეჯმენტის მიერ დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა.
კოორდინატორმა საბჭოს წევრებს გაუზიარა კლინიკის ვებგვერდზე განთავსებული ბლოგის მასალები, რათა საბჭოს წევრების მომდევნო შეხვედრამდე გაეცნონ ბლოგზე განთავსებულ სტატიებს და მათ შესახებაც გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები.
საბჭოს წევრებთან თანამშრომლობის კოორდინაცია ხდება სპეციალურ ონლაინ ჯგუფში, სადაც შეხვედრებს შორის პერიოდში საბჭოს წევრები კლინიკის მენეჯმენტს უზიარებენ მოსაზრებებსა და ინიციატივებს, უსვამენ კითხვებს და სხვა.