კლინიკა “კონსილიუმ მედულას” გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ონკოგინეკოლოგმა და მამოლოგმა, პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „ძუძუს კიბო ახალგაზრდებში - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები“, რომელიც ევროპის ონკოლოგთა სკოლის, საქართველოს ონკოლოგთა სკოლის, თოდუას სამედიცინო ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისში ჩატარდა.
კონფერენციაზე უცხოელმა და ქართველმა ონკოლოგებმა განიხილეს ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. კონფერენციის სპიკერთა შორის იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები: ვალერიო ნარდონე (კამპანიის უნივერსიტეტი), ფატიმა კარდოზო (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), მატეო ლამბერტინი (სანმარტინოს ჰოსპიტალი და გენუის უნივერსიტეტი), ედუარდო ბონჩი (შანპალიმოს კლინიკა, ლისაბონის უნივერისტეტი), იულიუ ჰატიეგანუს მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტი, კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი).
პროფესორმა ალექსანდრე ბერიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო მამოგრაფიის კონტროლით ვაკუუმ ასისტირებული, სტერეოტაქტიკური ბიოფსიების ჩატარებაში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ გამოცდილება და მიღებული შედეგები.
სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია (VAB /Vacuum-assisted breast biopsy) ამბულატორიული პროცედურაა, რომელიც ტარდება სპეციალური აპარატით, მამოგრაფიის კონტროლით. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე, რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა ონკოლოგიური დაავადების გამოსარიცხად. პროცედურის ბოლოს, სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით, შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 98 პროცენტს უტოლდება. სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის პროცედურა ქირურგიული ჩარევის უსაფრთხო ალტერნატივაა.
ეწვიეთ პროფესორ ალექსანდრე ბერიშვილის გვერდს.