„კონსილიუმ მედულას“ გინეკოლოგიურ დეპარტამენტს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორი ალექსანდრე ბერიშვილი უხელმძღვანელებს

პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი, ქირურგი, მამოლოგი და გინეკოლოგი ალექსანდრე ბერიშვილი ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESGO) წევრია, ის 23 წელზე მეტია უცხოეთის წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში საქმიანობს. 

კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა გავლილი აქვს მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) ბლოხინის სახელობის ონკოლოგიური  კვლევის ცენტრში, შემდეგ სტაჟირება - მაინის ფრანკფურტში (გერმანია) მეანობა-გინეკოლოგიის საუნივერსიტეტო კლინიკაში. იყო ქალის რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების განყოფილების წამყვანი მკვლევარი  ბლოხინის სახელობის ონკოლოგიური  კვლევის ცენტრში და რუსეთის ფედერალური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დიპლომისშემდგომი განათლების აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების კათედრის პროფესორი; 2017 - 2020 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ქალის რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების განყოფილებას. 

ალექსანდრე ბერიშვილის საექიმო საქმიანობა მოიცავს საშვილოსნოს ყელის და ტანის კიბოს, საკვერცხის კიბოს, საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის, საშვილოსნოს მიომის, საკვერცხის კისტის, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის, ძუძუს კიბოს მკურნალობას. მას დამოუკიდებლად ჩატარებული აქვს საშვილოსნოს 425  ექსტირპაცია დანამატებით და 153 გაფართოებული ექსტირპაცია დანამატებით, როგორც ლაპაროსკოპიული, ისე ღია წესით; ასევე, სარძევე ჯირკვლის 156 რადიკალური რეზექცია და 223 მასტექტომია.

ალექსანდრე ბერიშვილმა 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გაფართოებული და კომბინირებული ოპერაციები საკვერცხის კიბოს III-IV სტადიების კომპლექსურ მკურნალობაში,“ 2011 წელს კი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძუძუს კიბოს შეშუპებით ინფილტრაციული ფორმის მქონე პაციენტების მკურნალობის თანამედროვე სტრატეგია.“ იგი 102 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე.

პროფესორი ალექსანდრე ბერიშვილი 2023 წლის სექტემბრიდან „კონსილიუმ მედულას“ გინეკოლოგიურ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.