27 თებერვალს კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ იტალიიდან მოწვეულმა ქირურგმა ჯან ლუიჯი მელოტიმ, მისმა ასისტენტმა ჯოვანი ტრაპანიმ და „კონსილიუმ მედულას“ ქირურგმა ზურაბ ზედგინიძემ სამი საჩვენებელი ბარიატრიული ოპერაცია ჩაატარეს. ოპერაციების ტრანსლირება ხდებოდა აუდიტორიაში, მსმენელებს on-line რეჟიმში შესაძლებლობა ჰქონდათ ოპერატორებისთვის დაესვათ შეკითხვები.
სამდღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ქირურგებმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებმა, გასტროენტეროლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა. სწავლება/ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა ლექციები ბარიატრიულ ქირუგიაში ლაპაროსკოპიის, როგორც ოქროს სტანდარტის გამოყენებაზე, ქირურგიული მკურნალობისათვის ავადმყოფთა შერჩევის თავისებურებებზე, ინტრა და პოსტოპერაციული მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე და პაციენტების პოსტოპერაციულ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე.
ლექცია თემაზე „ბარიატრიული პაციენტების წინასაოპერაციო მომზადება და პოსტოპერაციული მკურნალობა - თანამედროვე ასპექტები“ ჩაატარა საქართელოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ანესთეზიოლოგია/რეანიმაციის მიმართულების კურატორმა თეიმურაზ ვასილიძემ (აშშ).
ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა (აშშ) პლატონ ესართიამ წაიკითხა ლექცია თემაზე „ლაპაროსკოპიული ქირურგია - ბარიატრიული ქირურგიის ოქროს სტანდარტი“. „ბარიატრიული ოპერაციის სახეები, ბარიატრიული პაციენტების შერჩევა და წინასაოპერაციო მომზადება“- ამ თემაზე მოხსენებით წარდგა ჯან-ლუიჯი მელოტი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი (იტალია).
ტრენინგის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები. ჩატარდა ოპერაციების გარჩევა: პაციენტის შერჩევა, ოპერაციის ტიპი, ოპერაციის მსვლელობა და პოსტოპერაციული მიმდინარეობის თავისებურებანი.
ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა და შედეგები შეფასდა ტესტირებული გამოკითხვით. სწავლება/ტრენინგის შინაარსი ეფუძნებოდა სამედიცინო მეცნიერების უახლეს მიდგომებს.