პროფესორი დავით თაბაგარი — ქართველი კლინიკური ონკოლოგი და მკვლევარი, რომელმაც პროფესიული გზა თბილისში დაიწყო და საერთაშორისო გამოცდილებით გაამდიდრა.
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ კი პროფესიული გზა გააგრძელა მოსკოვში, საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, სადაც მუშაობდა 25 წლის განმავლობაში, როგორც ექიმი და მკვლევარი.
კლინიკურ პრაქტიკასთან ერთად, დავით თაბაგარის განსაკუთრებული ინტერესი ონკოიმუნოლოგიას უკავშირდებოდა. ის ერთ-ერთ პირველთაგანი იყო, ვინც საუბრობდა იდეაზე, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას შეუძლია სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა. მისი მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და 1985 წელს მიღებული პრესტიჟული საკავშირო პრემია მედიცინაში, მიეძღვნა ონკოლოგიაში იმუნოლოგიური მეთოდების დანერგვას.
მისი იდეა, რომ იმუნურ სისტემას შეუძლია ძირითადი როლი შეასრულოს სიმსივნური უჯრედების განადგურებაში, XXI საუკუნის სამედიცინო პრაქტიკამ დაადასტურა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დავით თაბაგარმა თავის მთავარ მიზნად დაისახა ონკოლოგიის დარგის განვითარება — კლინიკური ონკოლოგიის პროფესიის ჩამოყალიბება და კონსილიუმის პრაქტიკის დამკვიდრება.
ამ იდეით, 2003 წელს მან დააარსა კლინიკა „კონსილიუმ მედულა“, სადაც პაციენტების მართვა დაეფუძნა საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებსა და კონსილიუმის პრინციპს. საქართველში პირველად დამკვიდრდა კლინიკური ონკოლოგიის პროფესია.
დავით თაბაგარის უშუალო ხელმძღვანელობით კლინიკური ონკოლოგის პროფესია შეიძინა 18 ექიმმა, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ და ონკოლოგიის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას ემსახურებიან.
ასევე აღსანიშნავია, რომ დავით თაბაგარი პირველი იყო, ვინც საქართველოში ონკოლოგიაში კლინიკური კვლევების პრაქტიკა დანერგა. კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ონკოლოგიის მიმართულებით ჩატარებულია 40-ზე მეტი საერთაშორისო კლინიკური კვლევა.