კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა

საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა პირველად 2012 წელს კლინიკა "კონსილიუმ მედულას" მიერ დაინერგა. 2012 წლიდან დღემდე პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 17-მა რეზიდენტმა, რომლებიც დღეს უკვე საქართველოს წამყვანი კლინიკური ონკოლოგები არიან. ამჟამად კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე 5 რეზიდენტი სწავლობს.

რეზიდენტები სწავლობენ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამით, ასევე, ASCO-ს და ESMO-ს სახელმძღვანელოებით. "კონსილიუმ მედულაში" რეზიდენტები სწავლის პარალელურად ითავსებენ კლინიკური ონკოლოგის ასისტენტის ფუნქციას და ჩართული არიან კლინიკაში მიმდინარე ონკოლოგიურ საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში.

სამწლიანი სარეზიდენტო პროგრამა კლინიკურ ონკოლოგიაში განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის (უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის) კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსებისათვის. სწავლების ძირითადი პრინციპია რეზიდენტის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის პრინციპები და მეთოდები) სრულყოფილი ათვისება კლინიკური ხელმძღვანელის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ ონკოლოგი სრულად ფლობს ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, დიაგნოსტიკის, დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძვლებს.

რეზიდენტურის დამთავრებისა და სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიღებული სერტიფიკატი სპეციალისტ-ონკოლოგს აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად წარმართოს საექიმო საქმიანობა ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, სპეციალიზებულ ონკოლოგიურ კლინიკაში, იმუშაოს კლინიკურ ონკოლოგად სომატური პროფილის ან მრავალპროფილურ დაწესებულებაში.

კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის პედაგოგიური საბჭო
 

დავით გიორგაძე, პროგრამის ხელმძღვანელი
ლია აბშილავა, კლინიკური ონკოლოგი
მარიამ ჟვანია, კლინიკური ონკოლოგი
თამთა მახარაძე, კლინიკური ონკოლოგი