თირკმლის კიბო

რა არის თირკმლის კიბო
 

თირკმლის კიბოს დაავადების დროს სიმსივნური უჯრედები თირკმელში ჩნდება. დაავადება ცნობილია თირკმელუჯრედოვანი კიბოს სახელითაც, რომელიც ამ ტიპის სიმსივნეების ყველაზე ხშირი პათომორფოლოგიური ვარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  ყოველწლიურად საქართველოში თირკმლის კიბოთი საშუალოდ 300 ადამიანი ავადდება და ის სიმსივნეებს შორის მე-17 ადგილზეა. თირკმლის სიმსივნის შემთხვევათა სტატისტიკა ყველა ქვეყანაში მზარდია.

თირკმლის კიბო ძირითადად 60-70 წლის ასაკში ვლინდება. ის ხანშიშესულთა დაავადებად ითვლებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, დაავადება მკვეთრად გაახალგაზრდავდა.

კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე მეტი ხელმისაწვდომობის გამო თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება სულ უფრო ხშირად ხდება ადრეულ სტადიაზე, როდესაც სიმსივნის გავრცელება თირკმელს არ სცდება.

თირკმლის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში,  ხუთწლიანი გადარჩენადობა 90%-ს აჭარბებს.

არსებობს თირკმლის სიმსივნის ორი ძირითადი პათომორფოლოგიური  ტიპი:

  • თირკმელუჯრედოვანი კარცინომა – ვითარდება უშუალოდ თირკმლის პარენქიმისაგან და შეადგენს თირკმლის სიმსივნეების 90%-ზე მეტს;
  • გარდამავალუჯრედოვანი კიბო – იშვიათია და ვითარდება საშარდე სისტემის ამომფენი ეპითელიუმისგან.

თირკმლისა და თირკმლის მენჯის სიმსივნეების ყველაზე ხშირი სიმპტომები 
 

  • სისხლიანი შარდი
  • წარმონაქმნის არსებობა, სიმძიმის შეგრძნება თირკმლის საპროექციო ან მუცლის არეში
  • წელის ან ფერდის ტკივილი 
  • ადვილად დაღლა
  • ხშირი ცხელება
  • მადის დაქვეითება
  • წონის უმიზეზოდ კლება
  • ყაბზობა

შესაძლოა ეს სიმპტომები არ აღენიშნებოდეს თირკმლის სიმსივნის მქონე ყველა პაციენტს; ასევე, მსგავსი სიმპტომები შესაძლებელია აღინიშნებოდეს სხვა პათოლოგიების დროსაც, ამიტომ რომელიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს.

თირკმლისა და თირკმლის მენჯის სიმსივნის რისკ-ფაქტორები
 

  • ხანდაზმული ასაკი - სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება ასაკთან ერთად;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი, მავნე ჩვევები: თამბაქოს მოხმარება, ჭარბი ალკოჰოლის მიღება, ჭარბი წონა;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თირკმლის უკმარისობის მკურნალობა-პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე, სიმსივნის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ;
  • ზოგიერთი მემკვიდრული სინდრომი;
  • თირკმლის სიმსივნის ოჯახური ანამნეზი;
  • იმუნური სისტემის დაქვეითება;
  • სპეციფიკური კვება, A, C და E ვიტამინების ნაკლებობა;
  • ქიმიური აგენტების ზემოქმედება (საღებავები, ნავთობპროდუქტები, სამშენებლო მასალები);
  • რადიაციული გარემო.

თირკმლის კიბოს პრევენცია
 

თირკმლის სიმსივნის განვითარების რისკის შესამცირებლად:

  • შეწყვიტეთ მოწევა;
  • შეინარჩუნეთ ნორმასთან მიახლოვებული წონა;
  • აკონტროლეთ არტერიული წნევა;
  • იყავით ფიზიკურად აქტიური.
     

თირკმლის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"
 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის წესით. გამოცდილი სპეციალისტების-უროლოგის, ქირურგის,სამედიცინო ონკოლოგის, რადიოლოგის, მორფოლოგისაგან შემდგარი გუნდი პაციენტისათვის შეიმუშავებს მაქსიმალურად ინდივიდუალიზებულ, საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებებით მოწოდებულ მკურნალობის გეგმას.

დიაგნოსტიკა
 

თირკმლის სიმსივნის დიაგნოსტიკისათვის და მისი გავრცელების დასადგენად ტარდება:

  • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • უროგრაფია (თირკმლის გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერებების საშუალებით);
  • რადიონუკლეიდური სკანირება;
  • კომპიუტერული და/ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ფილტვების, გულმკერდის ღრუსა და მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფია;
  • ძვლების სცინტიგრაფია;
  • Სიმსივნის ბიოფსია მასალის პათომორფოლოგიური შესწავლით;
  • Შარდის ანალიზი.

თირკმლის  კიბოს მკურნალობის მეთოდებია ქირურგიული, აბლაციური ქირურგია და მედიკამენტური ან მათი კომბინაცია.

ქირურგიული მკურნალობა

თირკმლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია. ამ დროს ხდება თირკმლის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა:

  • ნაწილობრივი ნეფრექტომია - თუ სიმსივნე დიდი ზომის არ არის, შესაძლებელია მხოლოდ დაზიანებული ნაწილის მოკვეთა.
  • რადიკალური ნეფრექტომია - ქირურგი ამოკვეთს  დაზიანებულ თირკმელს სრულად და/ან მიმდებარე ქსოვილებთან, ლიმფურ კვანძებთან და თირკმელზედა ჯირკვალთან ერთად. როგორც წესი, პაციენტების უმრავლესობა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას ერთი თირკმლით.
  • ლაპაროსკოპიული   ნეფრექტომია  და თირკმლის რეზექცია - ლაპაროსკოპული ნეფრექტომია ღია ოპერაციასთან შედარებით ნაკლებად ტრავმულია და ხორციელდება ყველა ონკოლოგიური პრინციპის დაცვით. თირკმლის ლაპაროსკოპული რეზექცია შესაძლოა გახდეს თირკმლის ღია რეზექციის ალტერნატივა იმ პაციენტებში, ვისაც თირკმლის პერიფერიაზე შედარებით მცირე ზომის სიმსივნეები აქვთ.
მკურნალობის მინიმალურად ინვაზიური მეთოდები

ქირურგიული ჩარევის შესაძლო ალტერნატივად მიჩნეულია რადიოსიხშირული აბლაცია, კრიოაბლაცია, მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი აბლაცია და მიკროტალღური აბლაცია.

Მედიკამენტური მიდგომა

თირკმლის კიბოს გავრცელებული დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობისა და/ან ქირურგიული ჩარევის კომბინაცია.

Მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს:

  • იმუნოთერაპიულ პრეპარატებს, რაც აძლიერებს პაციენტის იმუნურ სისტემას და ამგვარად ებრძვის სიმსივნეს; 
  • ტარგეტულ პრეპარატებს, რაც მოქმედებს უშუალოდ სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე და არ იწვევს ნორმალური უჯრედის დაზიანებას;
  • ქიმიოპრეპარატებს, რაც დამოუკიდებლად დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
აქტიური დაკვირვება

თუ სიმსივნე ზომაში პატარაა, შესაძლებელია მოცდის ტაქტიკის გამოყენება, რაც გულისხმობს რეგულარულ გამოკვლევებს და დაკვირვებას.

ჩვენი ექიმები