რა სტრატეგიები შეიძლება გამოვიყენოთ თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად და შიშის დასამარცხებლად?
მკურნალი ექიმები ზოგჯერ ვერ ამჩნევენ პაციენტებში ონკოლოგიური დაავადების დაბრუნების შიშს. კიბოს განმეორების ან ხელახლა გაჩენის შიში, ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ემოციაა, რომელიც აუარესებს ცხოვრების ხარისხს. თუ გქონდათ ონკოლოგიური პრობლემა, დაავადების განმეორების შიში ნორმალურია, მაგრამ გადაჭარბებულმა შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.
კიბოს განმეორების მოჭარბებული შიშის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ძილის და კვების პრობლემები, უჭირდეთ კონცენტრირება და გადაწყვეტილებების მიღება, თავს იკავებდნენ ისეთი აქტივობებისგან, რომლებიც ოდესღაც სიხარულსა და კმაყოფილების შეგრძნებას იწვევდა. ასეთ დროს იზრდება ნევროტული აშლილობების განვითარების რისკიც, როგორიცაა: პოსტტრავმული სტრესი, დეპრესია და ა.შ.
ბევრი პაციენტი მოელის, რომ სიმსივნის მკურნალობის დასრულებას შვება და ბედნიერება მოაქვს, თუმცა ეს გრძნობები, შეიძლება, შერეული იყოს ისეთ ემოციებთან, როგორიცაა შფოთვა, მომავლის შიში, ბრაზი და სევდა. დაავადებას „გადარჩენილებს“ ეშინიათ, რომ მომავალში კიბო შეიძლება დაბრუნდეს. ბევრისთვის ეს შიში დროთა განმავლობაში კარგავს აქტუალობას.
ადამიანები, რომლებიც განიცდიან კიბოს დაავადების განმეორების შიშს, სხეულში არსებულ ყველა ტკივილს, დისკომფორტს ხშირად ონკოლოგიურ პრობლემას უკავშირებენ. შესაძლოა ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში სულაც არ ცხოვრობდნენ განმეორების შიშით, მაგრამ ტრიგერები (მაგ. გეგმიური გამოკვლევები), ახსენებდნენ დააავადების მკურნალობის გამოცდილებას და აუარესებდნენ პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.
არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ მართოთ ონკოლოგიური დაავადების გამეორების შიში. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ ამოვიცნოთ ტრიგერები და შევძლოთ მათი სწორად მართვა.
იყავით ინფორმირებული
ესაუბრეთ თქვენს ექიმს კიბოს განმეორების შანსებისა და სიმპტომების შესახებ. ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების განმეორების რისკი. ფოკუსირება იმაზე, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, დაგეხმარებათ შიშების მართვასა და დაძლევაში.
ამოიცანით შიში და დაარქვით სახელი
არის ეს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კიბოს დაბრუნების შიში? გეშინიათ ტკივილის? გეშინიათ შედეგის? რას ნიშნავს ეს თქვენი ოჯახისთვის? შიშის იდენტიფიცირება დაგეხმარებათ, შეძლოთ მასთან გამკლავება და მართვა.
მიიღეთ ემოციური მხარდაჭერა
გაუზიარეთ თქვენი შიში ოჯახის წევრს, მეგობარს, მრჩეველს ან დამხმარე ჯგუფს (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი). სხვებთან ამ თემაზე საუბრით დაძლევთ მარტოობის შეგრძნებას, რომელიც თან ახლავს შიშს.
ფსიქო-ემოციური დაძლევის მეთოდი
ყურადღების გაფანტვა შიშის დაძლევის ეფექტიანი მეთოდია. ეს მრავალი ფორმითაა შესაძლებელი: ფიზიკური ვარჯიში, ხატვა, მუსიკის მოსმენა ან დღიურის წერა. ეფექტიანია მედიტაციასთან შერწყმული სუნთქვის ტექნიკები. გააკეთეთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ, დარჩეთ აწმყოში და არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში.
შეინარჩუნეთ აზრების და გრძნობების წონასწორობა
ნორმალურია შიში, რომ შესაძლოა დაბრუნდეს დაავადება. აზრების და ემოციების დაბალანსებისთვის გირჩევთ, არ დამალოთ ძლიერი ემოციები. იმის ნაცვლად, რომ გაიქცეთ შიშისგან და წუხილისგან, შეეცადეთ, მიიღოთ ისინი, იპოვოთ მათი დაძლევის გზები, შიშები ბედნიერი გრძნობებით დააბალანსოთ. შეეცადეთ, იყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და იცხოვროთ „აწმყოში“.
იპოვეთ აქტივობები სტრესის შესამსუბუქებლად
შესაძლოა, სტრესის დაძლევაში დაგეხმაროთ მედიტაცია, იოგა, შინაური ცხოველთან დროის გატარება. დაირეგულირეთ ძილი, დაიცავით ჯანსაღი დიეტა და ჩაერთეთ ფიზიკურ აქტივობებში.
ინდივიდუალური კონსულტაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეს იმ ემოციების და ფიქრების გასახმოვანებლად, რომლებიც, შესაძლოა, ბოლომდე არ ესმოდეთ ახლობლებს. პროფესიონალ მრჩეველთან განხილვა ბევრ ადამიანს ეხმარება უარყოფითი ემოციების შემცირებაში.
ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ონკოფსიქოლოგი
თამარ კახნიაშვილი
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.