ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური ეტაპია. თუმცა, ის, ასევე, დიდი გამოცდაა ქალის ქვედა კიდურების ვენებისათვის.
ნაყოფის ზრდისას სისხლით მომარაგების უზრუნველსაყოფად ქალის ორგანიზმში ცირკულიაციაში მყოფი სისხლის მოცულობა 25-30%-ით იმატებს. მზარდი საშვილოსნო სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს მცირე მენჯში, რაც ვენებზე ზეწოლას, ვენური სისხლის ნორმალურად გადინების შეფერხებასა და სისხლის სტაგნაციას (შეგუბებას) იწვევს. შედეგად, საშვილოსნოსა და მცირე მენჯის ვენები კომპენსატორულად განიერდება და ქვედა კიდურებიდან სისხლის გადინება ფერხდება, რამაც შესაძლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერება გამოიწვიოს.
ზემოთ აღწერილი ცვლილებები ზოგჯერ იწვევს ვენურ უკმარისობასაც, რომელიც მშობიარობის შემდეგ შეიძლება დარჩეს ან სრულად ალაგდეს. ორსულობით გამოწვეული ვენური უკმარისობის პირველი სიმპტომებია ფეხებში სიმძიმის, დაღლილობისა და წვის შეგრძნება. მოგვიანებით შესაძლოა გაჩნდეს შეშუპება და ტკივილი, გარეგნულად კი შეიმჩნევა კანქვეშა ვენების დაბერვა და დაძაბვა.
მშობიარობის შემდეგ ვენური სისხლის გადინება ნორმას უბრუნდება და ზემოთ აღწერილი სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, ქრება. თუმცა შესაძლოა ქვედა კიდურების კანქვეშა ვენების სარქვლოვანმა სისტემამ და ვენის კედლების სტრუქტურამ ზეწოლას ვერ გაუძლოს და ვარიკოზულად გადაგვარდეს. ორსულობის შემდგომი ვარიკოზი უფრო ხშირია იმ ქალებში, რომლებსაც აქვთ გენეტიკური მიდრეკილება, ზედმეტი წონა და ჰიპოდინამია.
ორსულობის დროს ვენური სისხლის გადინების შეფერხება და ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰიპერკოაგულაციური ცვლილებები ვენური თრომბოზების რისკსაც ზრდის. თრომბოზის საფრთხე მშობიარობიდან თვენახევრის განმავლობაში ნარჩუნდება, განსაკუთრებით საკეისრო კვეთისა და მშობიარობისას დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში.
ორსულობის დროს აუცილებელია თრომბოზის გართულებების აქტიური პროფილაქტიკა, რისთვისაც:
- მოერიდეთ ჰიპოდინამიას - ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ მინიმუმ 2 საათი. ძალიან სასარგებლოა ცურვაც;
- მოერიდეთ ძალისმიერ დატვირთვებს და სიმძიმეების აწევას;
- მოერიდეთ გადახურებას და გაუწყლოვნებას - ნუ გაჩერდებით დიდხანს მზეზე ცხელ ამინდში, დღის განმავლობაში მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე;
- ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი და კომფორტული ფეხსაცმელი. ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო თეთრეულს;
- დღის განმავლობაში რამდენჯერმე 20-30 წუთით დაასვენეთ ფეხები, ამისათვის საკმარისია ფეხების მაღლა აწევა;
- არ მიიღოთ ე.წ. “ვარიკოზის საწინააღმდეგო” პრეპარატები - მათი ეფექტიანობა საეჭვოა, ხოლო ნაყოფისთვის მედიკამენტის უსაფრთხოება არ არის დადასტურებული;
- თუ თქვენ უკვე გაქვთ ვარიკოზული დაავადება, აუცილებელია პროფილაქტიკური კომპრესიული წინდების ტარება მთელი ორსულობის პერიოდში და მშობიარობა კომპრესიულ წინდებში;
- სასურველია, ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ჩაიტაროთ ორსულობამდე, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
ვენური უკმარისობის პირველივე სიმპტომების აღმოჩენის, არსებული დაავადების ან რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ფლებოლოგს. ორსულობის პერიოდში არ ტარდება აქტიური სამკურნალო ჩარევა (ლაზერი, სკლეროთერაპია), თუმცა ფლებოლოგი დაგეხმარებათ, ორსულობის დროს თავიდან აიცილოთ ვარიკოზის საშიში გართულებები.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.