ონკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა, სადაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყოველდღიურად აქტიურად იქმნება ახალი პრეპარატები სხვადასხვა სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. სწორედ ასეთია ტარგეტული პრეპარატები, რომელთა პრაქტიკული გამოყენება მსოფლიოში სულ 30 წელს ითვლის.
ტარგეტული თერაპია ონკოლოგიაში არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებული სამკურნალო საშუალებები ამოიცნობს და ზემოქმედებას ახდენს იმ სპეციფიკურ მოლეკულებზე, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს უჯრედის ზრდასა და გავრცელებაში. ამგვარი მოლეკულები წარმოიქმნება კიბოს უჯრედის ზედაპირზე (უფრო მცირე რაოდენობით ნორმალურ უჯრედებზეც) და უჯრედის შიგნითაც.
დღეისათვის ცნობილია ტარგეტული პრეპარატების ორი ჯგუფი: მონოკლონური ანტისხეულები და დაბალმოლეკულური ნაერთები
მონოკლონური ანტისხეულები მოქმედებს კიბოს უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებზე ან უჯრედგარე არსებულ ზრდის ფაქტორებზე.
დაბალმოლეკულურ ნაერთებს უნარი აქვს შეაღწიოს უჯრედში და იქ მოახდინოს მოლეკულისშიდა მექანიზმების ბლოკირება. ტარგეტული თერაპიის ზოგი პრეპარატი ისე "მონიშნავს" სიმსივნურ უჯრედს, რომ ორგანიზმის იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს და გაანადგუროს იგი. ტარგეტული თერაპიის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს როგორც მონოთერაპიის სახით (მკურნალობა ერთი ჯგუფის მედიკამენტით), ასევე, მკურნალობის სხვა მეთოდთან კომბინაციაში
იმისათვის რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ტარგეტული თერაპია, სასარგებლოა ვიცოდეთ, რა არის კიბოს უჯრედი. ადამიანის სხეულის უჯრედები იზრდება და იყოფა კონტროლირებადი გზით. თითოეულ უჯრედს თავისი ფუნქცია აქვს, ის ასრულებს თავის საქმეს და სიცოცხლის ბუნებრივი ხანგრძლივობის დასრულების შემდეგ კვდება. ადამიანის სხეული მუდმივად თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან.
კიბოს უჯრედი ნორმალურისაგან განსხვავებით:
- სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება და მრავლდება;
- არის "უხილავი" იმუნური სისტემისთვის, ამიტომ იმუნურ სისტემას არ შეუძლია მათი განადგურება;
- ახერხებს გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, რაც წარმოქმნის სიმსივნეს;
- ქმნის ახალ სისხლძარღვებს, რომელიც კვებავს მათ.
ტარგეტული თერაპია არ უტევს ყველა სწრაფად მზარდ უჯრედს. ტარგეტული თერაპია განასხვავებს კიბოს უჯრედებს, ამოიცნობს რა ჯანმრთელი უჯრედებისაგან განსხვავებულ მათ ქცევას.
ტარგეტულ თერაპიას შეუძლია:
- შეაჩეროს კიბოს უჯრედების ზრდა, გაყოფა და გამრავლება;
- შეამოკლოს კიბოს უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა;
- შეაჩეროს სიმსივნის სისხლმომარაგება და გამოიწვიოს კიბოს უჯრედების შიმშილი, მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებების არმიწოდების გზით;
- დაეხმაროს იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების განადგურებაში.
ტარგეტული თერაპია არ მუშაობს კიბოს ყველა სახეობაზე, კიბოს ზოგიერთი ტიპი მკურნალობის ამ მეთოდს არ ექვემდებარება. ამიტომ, ტარგეტულ თერაპიას წინ უსწრებს სიმსივნის მოლეკულური გამოკვლევა, რის შემდეგაც კლინიკური ონკოლოგი საზღვრავს, თუ რამდენადაა შესაძლებელი ტარგეტული თერაპიის გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში.
ტარგეტული თერაპია ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელ უჯრედებს, ვიდრე ეს, მაგალითად, ქიმიოთერაპიის დროს ხდება. ამიტომ, გვერდითი მოვლენები ნაკლებია და ისინი განსხვავებულია ტარგეტული თერაპიისთვის გამოყენებული მედიკამენტის მიხედვით. ასევე, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ.
თუმცა, გვერდითი მოვლენების განვითარება აუცილებელი არ არის, პაციენტს შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ან არცერთი მათგანი არ განუვითარდეს. გვერდითი მოვლენების არარსებობა არ არის კავშირში ტარგეტული თერაპიის ეფექტიანობასთან და არ ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს. და პირიქით, მათი გამოვლენა არ ნიშნავს, რომ ტარგეტული თერაპია უკეთ მუშაობს. პაციენტების უმეტესობა ტარგეტული თერაპიის პერიოდში თავს კარგად გრძნობს და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.