პაციენტები ვარიკოზით გამოწვეულ დისკომფორტს ყველაზე ხშირად ზაფხულში უჩივიან. სწორედ წლის ყველაზე ცხელ პერიოდში მწვავდება ქრონიკული ვენური უკმარისობის გამომწვევი დაავადების, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომები - მძაფრდება შეშუპება, სიმძიმის და წვის შეგრძნება წვივებში, ქავილი ვარიკოზული ვენების არეში. ზაფხულობით, ასევე, ხშირია ვარიკოზის ისეთი გართულებები, როგორებიცაა: თრომბოზი, თრომბოფლებიტი, ვარიკოზული წყლული და ეგზემა.
ზაფხულში ჩვენ უფრო მეტს ვმოგზაურობთ. ფრენით ან ავტოტრანსპორტით დიდ მანძილზე გადაადგილებით გამოწვეულმა დატვირთვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ვენური სისხლის შეგუბებითი პროცესის გამძაფრება, სიმძიმე ფეხებში, შეშუპება, ფეხსაცმლის მორგების გართულება, თრომბოფლებიტი და ტკივილი, რაც ხშირად დისკომფორტს გვიქმნის დასვენების მთელი პერიოდი.
სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული მითი, თითქოს ვარიკოზის მკურნალობისათვის საუკეთესო დრო შემოდგომა ან ზამთარია. სინამდვილეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვარიკოზის მკურნალობა იმდენად მცირედ ინვაზიურია, რომ პაციენტს წლის ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაიტაროს.
მაგალითად, ლაზერული აბლაცია და სკლეროთერაპია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე და, ხშირ შემთხვევაში, არ მოითხოვს კომპრესიული წინდების ტარებასაც კი. ლაზერული აბლაციის შემდეგ კანზე მხოლოდ ორმილიმეტრიანი ნაჩხვლეტი რჩება, რომელიც ერთ-ორ დღეში ხორცდება, პროცედურის შემდეგ პაციენტს არ აქვს შეზღუდული რაიმე აქტივობა, დატვირთვა თუ საქმიანობა.
ასე რომ, ვარიკოზული ვენების მოშორება ზაფხულშიც თამამად შეგიძლიათ, მაგრამ თუ მკურნალობას მაინც შემოდგომისთვის გადადებთ, ხოლო ცხელ დღეებში ზემოთ აღწერილი სიმპტომები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:
- მგზავრობისას ატარეთ კომპრესიული (იგივე სამოგზაურო) წინდა, ამით უზრუნველყოფთ ქვედა კიდურებში სიმსუბუქის შეგრძნებას. ასევე, საგრძნობლად შემცირდება ან სრულად გაქრება შეშუპება და თრომბოფლებიტის წარმოქმნის რისკი.
- გირჩევთ, ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ დღეებში მუდამ თან იქონიოთ და საკმარისი რაოდენობით მიიღოთ წყალი. ამით თავიდან აიცილებთ გაუწყლოებას და შეამცირებთ ვარიკოზულ ვენებში თრომბის გაჩენის რისკს.
- ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის ან გართულების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა სეირნობა, ცურვა და საღამოობით წვივების კონტრასტული შხაპის მიღება.
გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.