როგორ ვისაუბროთ კიბოს შესახებ

კიბო ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ გარკვეულწილად ტაბუირებული თემაა, მასზე საუბარი რთული, ზოგ შემთხვევაში არაკომფორტულია როგორც ონკოლოგიური პაციენტისათვის, ისე მისი ახლობლებისთვის. ამავდროულად, კიბოზე საუბარი მნიშვნელოვანია – ეს ამაღლებს ცნობიერებას, აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს და შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. კიბოზე საუბრის მკაცრად გაწერილი წესები არ არსებობს, მაგრამ ეს მცირე გზამკვლევი დაგეხმარებათ, ამ თემაზე საუბრის წამოწყებისთვის საუკეთესო გზა მოძებნოთ.

საუბარი ონკოლოგიურ პაციენტთან

ონკოლოგიური პაციენტის მეგობრებს, ოჯახის წევრებს და კოლეგებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ მის ემოციურ, სოციალურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაში.

მაშინაც კი, როცა არ იცით, როგორ დაიწყოთ საუბარი თქვენს ახლობელ ადამიანთან, რომელსაც კიბოს დიაგნოზი აქვს, საუბრისგან საერთოდ თავის შეკავებას ყოველთვის სჯობს ელაპარაკოთ, მაგრამ ეცადეთ, იყოთ ფრთხილი და მიჰყვეთ მის ქცევასა და მინიშნებებს, რადგან ეს პროცესი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანისთვის განსხვავებული გამოცდილებაა.

პაციენტთან საუბრამდე მოემზადეთ, იფიქრეთ თქვენს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე. ასევე, სანდო წყაროებიდან მიიღეთ მეტი ინფორმაცია დაავადების შესახებ.

შესთავაზეთ დახმარება

  • შესთავაზეთ დახმარება, თუნდაც მცირე და იკითხეთ, რა იქნება თქვენი მხრიდან ყველაზე სასარგებლო მხარდაჭერა. შესაძლოა, დახმარება საჭირო იყოს ისეთ წვრილმან საკითხში, როგორიცაა, მაგალითად, ძაღლის გასეირნება.
  • ჰკითხეთ თქვენს ახლობელს, სჭირდება თუ არა თქვენი მხარდაჭერა. თუ კი, შესთავაზეთ დახმარება კონკრეტულ საკითხში და აუცილებლად შეასრულეთ მიცემული დაპირება.

იყავით ღია

  • გაატარეთ მეტი დრო თქვენს ახლობელთან ერთად.
  • ჰკითხეთ, სურს თუ არა საუბარი ავადმყოფობის გამოცდილებაზე.
  • მიეცით მას უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციის გაზიარება სურს და რისი არა.
  • იყავით მზად, ისაუბროთ მის გამოცდილებასა და შიშებზე.
  • ეცადეთ, ყოველთვის იყოთ მზად, ესაუბროთ და მოუსმინოთ მას, და გამოიჩინოთ მოთმინება, თუ მას საუბარი არ სურს.
  • ისაუბრეთ სხვა თემებზე.

კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ

  • მოერიდეთ შედარებას სხვა პაციენტის ისტორიასთან, განსაკუთრებით ჭორებს.
  • მოერიდეთ ზოგად საუბარს გადარჩენის ან გამოჯანმრთელების შანსებზე.
  • ეცადეთ არ აჩვენოთ ყალბი ოპტიმიზმი და იმედი.
  • თავი შეიკავეთ ისეთი ფრაზებისგან, რამაც შესაძლოა ადამიანს უნებურად თავი დამნაშავედ აგრძნობინოს (მაგ.: „შენ ამას შეძლებ“, „შენ უნდა იბრძოლო“, „არ დანებდე“ და სხვ.).
  • მოერიდეთ შემაწუხებელი შეკითხვების დასმას, რამაც შესაძლოა ადამიანის შფოთვა გამოიწვიოს (მაგ.: „რამდენი ხანია, რაც გაქვს?“).
  • არ ისაუბროთ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე, რომელთა შესახებ შესაძლოა სადმე წაიკითხეთ ან მოისმინეთ.
  • ეცადეთ, არ შემოიტანოთ საუბარში რელიგიის თემა.
  • ნუ ისაუბრებთ ბევრს თქვენს გრძონებებზე.
  • თამამად მოიხადეთ ბოდიში, თუ თვლით, რომ რაღაც არასწორად თქვით.
  • ეცადეთ, სწორად შეაფასოთ მომენტი – ზოგიერთი დღე შესაძლოა ნაკლებად კარგი იყოს საუბრისთვის, ზოგი – მეტად. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პაციენტი მეტად ღიაა, ზოგი კი უფრო ჩაკეტილი.
  • პატივი ეცით მათ არჩევანს და ნუ ისაუბრებთ იმაზე, როგორ მოიქცეოდით თქვენ, როცა საქმე მკურნალობის საკითხებს ეხება.
  • ეცადეთ მოუსმინოთ, როცა ის იმედგაცრუებულია, იმის ნაცვლად, რომ იჩქაროთ გამხნევება.

რა შეიძლება თქვათ, როცა არ იცით რა თქვათ

  • „არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ თუ ჩემი დახმარება გჭირდება, მე შენს გვერდით ვარ.“
  • „ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის გავლა გიწევს.“
  • „თუ საუბრის განწყობაზე ხარ, მზად ვარ მოგისმინო.“
  • „არ მოგერიდოს მომმმართო, როცა რაიმე გინდა ან გჭირდება.“
  • „გავიგე რაც ხდება და ძალიან ვწუხვარ.“

კითხვები, რომელიც შეგიძლიათ დასვათ

  • „თავს როგორ გრძნობ?“
  • „მითხარი, შემიძლია რამით დაგეხმარო?“
  • „გინდა ამაზე ლაპარაკი?“

როგორ ვესაუბროთ კოლეგას კიბოს შესახებ

  • თუ თქვენი თანამშრომელი ონკოლოგიური პაციენტია, მნიშვნელოვანია გამონახოთ გზები იმისათვის, რომ მან შეძლოს აქტიური მუშაობის გაგრძელება.
  • განიხილეთ სამუშაოს მოდიფიკაცია და შესთავაზეთ დისტანციური მუშაობა, სამუშაოს განაწილება, მოქნილი საათები და ა.შ.
  • გაითვალისწინეთ, რა ინფორმაციის გაზიარება სურს თქვენს კოლეგას სხვებისთვის.
  • ჰკითხეთ მას, რაში სჭირდება თქვენი დახმარება.
  • მხარი დაუჭირეთ თანამშრომლებს და მიეცით მათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი შფოთვები და გრძნობები.
  • იყავით ღია და გულახდილი.

როგორ ვისაუბროთ კიბოს შესახებ: რჩევები ონკოპაციენტებს

  • არ არის აუცილებელი თქვენი დიაგნოზის შესახებ ყველას უთხრათ, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, იყოთ ღია და გულახდილი თქვენთვის საყვარელი და სანდო ადამიანების მიმართ.
  • ესაუბრეთ ადამიანებს, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. არ არის აუცილებელი, ეს ინფორმაცია ყველას გაუზიაროთ.
  • დატოვეთ ღია ხაზები კომუნიკაციაში: რეგულარულად გამოყავით დრო მშვიდი საუბრისთვის, რომლის დროსაც ხელს არავინ შეგიშლით და არ იჩქარებთ.
  • ღიად ისაუბრეთ რთულ თემებზე, მაგალითად რეციდივის შიშსა ან ფინანსურ საკითხებზე.
  • არ მოგერიდოთ, ითხოვოთ დახმარება. შესაძლოა ზუსტად არ იცოდეთ, რაში გჭირდებათ დახმარება, და ეს ბუნებრივია.
  • შესაძლოა იყოს დღეები ან მომენტები, როცა თქვენ არ გსურთ კიბოზე საუბარი, და ესეც სრულიად ნორმალურია.

 


წყარო: worldcancerday.org, World Cancer Day 2023: How to talk about cancer

გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.