ჩემი გამარჯვების ისტორია

ლალი ბერიძე, 55 წლის, თბილისი

კლინიკა “კონსილიუმ მედულას” პაციენტი

2014 წელს, მაშინ 49  წლის ვიყავი, რეგულარული ექოსკოპიური გამოკვლევისას, რასაც მასტოპატიის დიაგნოზის გამო ყოველწლიურად ვიტარებდი, ექიმმა მეორე ძუძუში საეჭვო წარმონაქმნი აღმოაჩინა და მირჩია, მამოლოგისთვის მიმემართა.

სკრინინგზე მისვლა გადავდე, გადავწყვიტე  2-3 თვე მომეცადა. ეს დიდი შეცდომა იყო, ისე მოხდა, რომ დავიგვიანე და ავთვისებიანი სიმსივნე უკვე 22 მმ.-მდე გაზრდილი და ჩამოყალიბებული იყო. კარგი იქნებოდა, დრო არ დამეკარგა.

მანამდე სიმპტომები საერთოდ არ მქონია – არც სიწითლე, წარმონაქმნი არც ხელით ისინჯებოდა, არაფერი მაწუხებდა. რისკ-ფაქტორებს რაც შეეხება – არასდროს მომიწევია, არც მემკვიდრეობაში მაქვს ეს დაავადება, პრინციპში, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი.

49 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზი მოულოდნელად  დამიდასტურდა. ასე მოვხვდი კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“. ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება ქირურგ სოსო სანიკიძესთან პირველივე გასაუბრების შემდეგ უყოყმანოდ მივიღე. მასტექტომიის შიში არც მქონია, შესაძლოა იმიტომ, რომ ქირურგის შვილი ვარ. ოპერაცია გავიკეთე, ქიმიო თერაპიის კურსიც ჩავიტარე.

შიშით, ცხადია მეშინოდა, თუმცა კლინიკაში ისეთი გარემო დამხვდა, იმდენად დიდი იყო ნდობა, რომელიც თავიდანვე გამიჩნდა, რომ დაავადებასთან ბრძოლა საერთოდ არ გამჭირვებია.

რა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? „მედულაში“ შენს მკურნალობაზე გადაწყვეტილებებს და,  შესაბამისად პასუხისმგებლობას,  რომელიმე ერთი კონკრეტული ექიმი: ქირურგი, ონკოლოგი ან  მამოლოგი კი არ იღებს, არამედ ყველა ერთად, გუნდურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

რა და ვინ დამეხმარა  ყველაზე მეტად? პირველ რიგში ოჯახი, მეუღლე და შვილები. თავიდან, ვცდილობდი არ დამესტრესა ისინი ჩემი დაავადებით. შიშის დაძლევაში და ცხოვრების ნორმალურ რიტმის აღდგენაში ძალიან დამეხმარა კლინიკური ონკოლოგი ცირა ქორთუა. მან იმდენად დამარწმუნა, რომ დაავადებასთან გამკლავებას შევძლებდი, იმდენად ვენდობოდი და მჯეროდა მისი, ჩემი ეს თავდაჯერება მარტო მე კი არა, ჩემს ოჯახსაც გადაედო.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი დამოკიდებულება გექნება ამ დაავადებასთან. შიში ქრება, თუ ექიმებს ენდობი, თუ დაავადებას მყარად დაუდგები. კიბოს დამარცხების ჩემი ისტორია ასეთია.

რას ვურჩევდი ქალებს? არ დააგვიანონ, რეგულარულად ჩაიტარონ სკრინინგი, გამოკვლევები. სირაქლემას პოზაში ყოფნა ძალიან სარისკოა. დღეს მედიცინა იმდენად განვითარდა, ქირურგიული ოპერაციები ნაკლებად დამაზიანებელია. ქიმიოთერაპიული მკურნალობაც აღარ არის უკვე ისეთი რთული, რადგან მედიკამენტების ხარისხი უკეთესია. ნუ გაწირავთ თავს, უმჯობესია დაავადება დროულად აღმოაჩინოთ და ყველაფერი კარგად იქნება!

 


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.