ჩემი გამარჯვების ისტორია

ირანდა მიქანაძე, 43 წლის, ბათუმი

კლინიკა „კონსილიუმ მედულას” პაციენტი

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 41  წლის ასაკში დამისვეს. მშობიარობის შემდეგ ექოსკოპიურ გამოკვლევებს სულ ვიტარებდი, ფიბრომული კვანძი მქონდა, ვაკვირდებოდი, არ იზრდებოდა და მშვიდად ვიყავი. არაფერი მიანიშნებდა, რომ სიმსივნე მქონდა. საშვილოსნოს  ყელის კიბოს სკრინინგზე და პაპ-ტესტზე არაფერი ვიცოდი, არც ექიმს ურჩევია.

როცა უჩვეულო სისხლდენა და ტკივილი დამეწყო, ნათესავის რჩევით თბილისში ჩამოვედი, „კონსილიუმ მედულაში“ გინეკოლოგთან მივედი და სკრინინგი ჩავიტარე. ექიმმა რომ მითხრა, კიბოაო, განაჩენივით იყო. მარტო ვიყავი. მეუღლე და 2 შვილი მყავს, მაგრამ გადავწყვიტე, არავის სცოდნოდა ჩემი ავადმყოფობის ამბავი.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ორ კვირაში უკვე ოპერაცია ჩამიტარდა. დაავადებულ ორგანოებთან ერთად 12 ამოღებული ლიმფური კვანძიდან ორში მეტასტაზი აღმოჩნდა, ქიმიოთერაპიის 5 და სხივური თერაპიის 28 პროცედურა დამჭირდა.

ჩემს მდგომარეობას ქრონიკული შაკიკი ამძიმებდა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფეხი მოვიტეხე და გამოკვლევებზე სიარულს ყავარჯნებით ვაგრძელებდი. რთული იყო, ზოგჯერ წარმოუდგენლად რთული.

შიში? შიში როგორ არ მქონდა, მაგრამ „მედულას“ ექიმებს ვენდე. ისე დეტალურად მიხსნიდნენ ყველაფერს, ისე მარწმუნებდნენ მკურნალობის შედეგში, ისეთი იმედი მოდიოდა მათგან, ბოლოს მარტო ანესთეზიის მეშინოდა, კიბოს შიში სულ გამიქრა. 

იცით როგორი გუნდია, მარტო ყურადღებით რომ გაგკურნავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, კარინა ბუცხრიკიძე (გინეკოლოგი), ცირა ქორთუა (კლინიკური ონკოლოგი), დათო ყარსიმაშვილი (ქირურგი)… ოპერაციის შემდეგ, ინტენსიურ განყოფილებაში რომ ვიწექი, ცუდად ვიყავი, მთელი ღამე ექთნები წამით არ მომცილებიან. ნევროლოგმა თემურ კაკუბავამ შაკიკისგანაც მიხსნა.

დღეს მხოლოდ შემოწმებაზე დავდივარ, ჯანმრთელი ვარ. რადგან გადავრჩი, ვცდილობ, ყველას გავუზიარო ჩემი ისტორია, იმედი მივცე, რომ კიბო განაჩენი არაა. ახლა იმდენი რამე ვიცი კიბოზე. ყველას ვურჩევ, ჩაიტარონ სკრინინგი, სხვა გამოკვლევები, ილაპარაკონ ამ თემაზე, ნუ შეეშინდებათ.

ჩემი თაობა შეიძლება ბოლო იყოს, რომელსაც საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადება ექნება. მედიცინა ისე განვითარდა, ჩვენ შეგვიძლია, სულ გავაქროთ ეს დაავადება, თუ ჩვენს შვილებს ვაქცინაციას დროულად გავუკეთებთ.

ჰოდა დავასრულოთ ეს ვერაგი ავადმყოფობა, რომელსაც თუ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენ, სრულად განკურნება შეიძლება.

კიბოზე როცა იმარჯვებ, იცვლები. ავადმყოფობის დროს ბევრს ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე, გადაწყვეტილებებზე, ადამიანებზე ვინც მიყვარს, იმაზე, რა არის  ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. მივხვდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობდი, რომ არაფერი გამოვა, როცა ეჭვი შემეპარებოდა, ხელახლა  ვიკრებდი ძალებს. გადავწყვიტე მებრძოლა, მეცოცხლა, ჯანმრთელი და ბედნიერი ვყოფილიყავი, მყვარებოდა მეტად, რადგან მთავარი ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარულია.

დღეს მე ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ, იმ ადამიანებით გარშემორტყმული, ვინც მიყვარს.

მე ასე გავიმარჯვე.

 


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.