ონკოლოგიური პაციენტის მენტალური მხარდაჭერა

ონკოლოგიური დიაგნოზი პაციენტის ფსიქიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე ხშირად ძალიან ღრმა გავლენას ახდენს. ეს დიაგნოზი, როგორც წესი, პაციენტსა და მის საყვარელ ადამიანებში აჩენს ისეთ განცდებს, როგორიცაა შიში, შფოთვა, წუხილი, ბრაზი და სხვა, და ეს სრულიად ნორმალურია. მსგავსი ემოციებისა და განცდების გაჩენა უკავშირდება სიცოცხლისათვის შექმნილი საფრთხის გააზრებას, ექიმებთან ხშირი ვიზიტებისა და მკურნალობის საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ჩვეულ რუტინას; შიშს, რომ შესაძლოა ვეღარ შეძლოთ იმის კეთება, რაც გსიამოვნებთ, და ყველა იმ ცვლილებას, რომელიც, ერთი შეხედვით, ცხოვრებას უკონტროლოს ხდის. 

მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არსებობს იმედი, დახმარება და ბევრ მენტალურ პრობლემასთან გამკლავება შესაძლებელია როგორც საკუთარი ძალისხმევით, ისე მკურნალობის გზით. 

ყველამ იცის, რომ კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა ბევრად უფრო ეფექტიანი მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა. ზუსტად იგივე ეხება მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. რაც უფრო ადრე შეძლებთ ამოიცნოთ ფსიქიკური პრობლემები და მიიღოთ დახმარება, მით მარტივად შეძლებთ მათთან გამკლავებას. 

სამწუხაროდ ბევრი პაციენტი მის ფსიქიკურ მდგომარეობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, ბევრმა არც კი იცის, რომ შექმნილ პრობლემებთან გამკლავება შესაძლებელია. არადა კიბოსთან ბრძოლის პროცესში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა მკურნალობის შედეგები გააუარესოს, და პირიქით, მენტალურ სიჯანსაღეს ძირითადი დაავადების მკურნალობის  გაუმჯობესება შეუძლია. 

არსებობს გზები, რომლითაც მენტალური პრობლემების ამოცნობა და მათთან გამკლავება შეგიძლიათ.  ამ სტატიაში რამდენიმე ყველაზე ხშირ პრობლემასა და მასთან ბრძოლის გზებს შევეხებით.

ბრაზი

"რატომ მე?" - ეს კითხვა ყველაზე ხშირად ჩნდება, და ეს ბუნებრივია. თქვენ შესაძლოა იგრძნოთ  ბრაზი კლინიკის ექიმების, თქვენი ჯანმრთელი მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების მიმართაც კი. ბრაზი ხშირად მოდის იმ გრძნობებიდან, რომელთა იდენტიფიცირება რთულია. ეს შესაძლოა იყოს შიში, პანიკა, იმედგაცრუება, შფოთვა, უმწეობა.

ბრაზთან გამკლავების მიზნით უმჯობესია მისი გამოხატვა. ისაუბრეთ მის შესახებ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. გაუზიარეთ ემოციები თქვენს მკურნალ ექიმს და სთხოვეთ, გადაგამისამართოთ ფსიქოლოგთან. იცოდეთ, რომ ხშირად ბრაზი სასარგებლოც კი შეიძლება იყოს, გახდეს აქტიური ქმედებების მოტივაცია.

შიში და წუხილი

კიბოს დიაგნოზის მიღება იოლი არ არის. შიში შეიძლება გაჩნდეს:

  • იმ ტკივილის გამო,  რომელიც თან ახლავს დაავადებას და  მისი მკურნალობის პროცესს;
  • მოლოდინის გამო, რომ თავს იგრძნობთ სუსტად, შეიცვლება თქვენი გარეგნობა;  
  • იმის გამო, რომ ვეღარ შეძლებთ თქვენს ოჯახზე ზრუნვას, თქვენი სხვა ვალდებულებების შესრულებას, მაგალითად, კრედიტის დაფარვას, გადასახადების გადახდას;
  • სამსახურის დაკარგვის გამო და მრავალი სხვა მიზეზით.  

კიბოს  შიში, როგორც წესი, ემყარება სხვათა ავადმყოფობის ისტორიებს, ჭორებს ან არასწორ ინფორმაციას. შიშებთან და საზრუნავებთან გამკლავებაში ხშირად გვეხმარება  სწორი და სრული ინფორმაცია. ადამიანების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს, როდესაც იგებს მეტს დაავადებასა და მკურნალობის ეფექტიანობაზე.  ასეთი პაციენტი ნაკლებად გრძნობს შიშს და იცის, რას ელოდოს. ინფორმირებული პაციენტი მეტად დაცულია. 

ეცადეთ, გაიგოთ მეტი თქვენი დიაგნოზის  შესახებ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ იყოთ აქტიურად ჩართული  მკურნალობის პროცესში. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ თავიანთი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ კარგად ინფორმირებული პაციენტები, უკეთ  მიყვებიან მკურნალობის სქემას  და უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. 

იმედი

მნიშვნელოვანია,  პაციენტმა მიიღოს კიბოს დიაგნოზი. როგორც კი ადამიანი აღიარებს იმას, რომ აქვს სიმსივნური დაავადება, თანდათან იწყებს გამოჯანმრთელებაზე ზრუნვას და ჩნდება იმედიც. საფუძვლიანი იმედისთვის კი ბევრი მიზეზი არსებობს - მილიონობით ადამიანი, ვისაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,  დღეს ჯანმრთელი და ცოცხალია. სიმსივნით დაავადებულ ადამიანს შეუძლია აქტიური ცხოვრებით იცხოვროს მკურნალობის დროსაც კი. ბევრი ექიმი ფიქრობს, რომ იმედი პაციენტს კიბოსთან გამკლავებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.  

იმისათვის, რომ გააძლიეროთ თქვენი იმედის გრძნობა

  • დაგეგმეთ ყოველდღიური საქმეები ისე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდით;
  • არ შეზღუდოთ იმის კეთება, რაც მოგწონთ, მხოლოდ იმიტომ, რომ კიბო გაქვთ;
  • მოძებნეთ მიზეზები, რომ გქონდეთ იმედი. ესაუბრეთ სხვებს მათ შესახებ;
  • ხშირად გაატარეთ დრო ბუნებაში;
  • იფიქრეთ თქვენს რელიგიურ ან სულიერ შეხედულებებზე;
  • მოუსმინეთ ისტორიებს ონკოპაციენტების შესახებ, რომლებიც გამოჯანმრთლდნენ და აქტიურად  ცხოვრობენ. 

ემოციებთან გამკლავების გზები

გამოხატეთ თქვენი გრძნობები. ითვლება, რომ როდესაც ძლიერ გრძნობებს გამოხატავ, მაგალითად ბრაზს ან მწუხარებას, უფრო ადვილად უმკლავდები მათ.  ზოგი აწესრიგებს თავის გრძნობებს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან, გამოჯანმრთელებულ ონკოპაციენტებთან, დამხმარე ჯგუფთან ან მრჩეველთან საუბრით.  შესაძლოა საკუთარი გრძნობებზე სასაუბროდ მიმართოთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს.

მოძებნეთ პოზიტივი

ზოგჯერ ეს ნიშნავს რთულ ვითარებაშიც  კი კარგის, დადებითი მხარის ძიებას, ცუდზე ფიქრის ნაცვლად იმედის გაჩენის მცდელობას. ეცადეთ, თქვენი ენერგია მიმართოთ სასარგებლო საქმეებზე,  იმაზე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ,  რომ მოცემულ მომენტში თავი უკეთ იგრძნოთ.

მოძებნეთ გზები, რომელიც განტვირთვაში დაგეხმარებათ

შეიძლება გამოიყენოთ მედიტაცია ან  სარელაქსაციო ვარჯიშები. როდესაც გრძნობთ შფოთვას, მოუსვენრობას, ვარჯიში მოდუნებაში დაგეხმარებათ.

თუ არ გამოგდით თვითდახმარება 

თუ მცდელობები, გააუმჯობესოთ თქვენი მენტალური მდგომარეობა, ამაოა, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგიური დაავადების მართვა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოონკოლოგი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, რომელსაც ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

ონკოლოგიურ პაციენტს  მკურნალობის დროს  სხვადასხვა პროფილის ექიმებთან   უწევს ურთიერთობა. ამ პროცესს კოორდინაციას უწევს კლინიკური ონკოლოგი, ის განსაზღვრავს მკურნალობის კურსს, ამ პროცესში შესაძლოა ჩაერთონ ქირურგები, რადიოლოგები და სხვა პროფილის ექიმები, მათ შორისაა ფსიქიატრი ან ონკო-ფსიქოლოგი. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოონკოლოგი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი არ არის პირველი ექიმი, რომელზეც შეიძლება იფიქროთ კიბოს დიაგნოზის დასმის დროს, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ სტრესის, დეპრესიისა და კიბოსთან დაკავშირებული სხვა გართულებების მართვაში, რომლებიც ზოგჯერ ხელს უშლის კიბოს დაავადების მკურნალობის პროცესს და ნეგატიურ გავლენას ახდენს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე.

ემოციური დისტრესი, შფოთვა, ძილის დარღვევა თუ სხვა მენტალური პრობლემები ონკოლოგიური პაციენტებისთვის ჩვეულებრივი სიმპტომებია, რომელთა მართვა შესაძლებელია. ეს ის სიმპტომებია, რომელსაც ფსიქოონკოლოგი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი მკურნალობს, როგორც ძირითად დაავადებას. არ არის აუცილებელი, რომ სპეციალისტის დახმარება ყველა ონკოპაციენტს დასჭირდეს, მაგრამ თუკი არსებობს მძიმე რეაქცია ან სხვა სიმპტომი, ფსიქოონკოლოგის ან ფსიქიატრის ჩართულობა მკურნალობის პროცესში  სასურველი და ხშირად აუცილებელიცაა.

 



მოამზადა კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოფსიქოლოგმა თამარ კახნიაშვილმა

გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.