ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი ქალებისთვის

ქალისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არა მხოლოდ თავის თავზე, არამედ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად დროის უქონლობა ან სხვა მიზეზები არ გვაძლევს საშუალებას, რომ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დავუთმოთ. ამავდროულად გვესმის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა, რომლის აღმოჩენაც ადრეულ ეტაპზე ხდება, ბევრად ამარტივებს მკურნალობის პროცესს და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ზრდის მის ეფექტიანობას. ამიტომ, ქალებისთვის ჯანმრთელობის რეგულარული მონიტორინგი აუცილებელია.

გთავაზობთ იმ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწმების ჩამონათვალს, რომელიც ყველა ქალმა, გარკვეული ასაკის შემდგომ, რეგულარულად უნდა ჩაიტაროს.

1. არტერიული წნევა
 

არტერიული წნევის მომატება ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და თირკმელების დაავადებების რისკს. ყველა ზრდასრულმა ქალმა აუცილებელია იცოდეს თავისი არტერიული წნევა.

65+ წლის ასაკის, ასევე ჰიპერტენზიის განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფი ქალებისთვის, რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭირო კვლევების ჩატარება.

ჰიპერტენზიის რისკებს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • გენეტიკური მიდრეკილება
  • ჭარბი წონა
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა
  • თამბაქოს მოხმარება
  • მარილის ჭარბი მოხმარება
  • კალიუმის ნაკლებობა
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • სტრესი

2. გლუკოზის შემცველობა სისხლში
 

ქალებმა, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, სიმსუქნე ან გენეტიკური მიდრეკილება შაქრიანი დიაბეტისკენ, პერიოდულად უნდა გადაამოწმონ გლუკოზის დონე სისხლში და მიიღონ სპეციალისტის რჩევები.

საქართველოში მოქმედებს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” 2019 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანი შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების თავიდან აცილება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.

3. ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
 

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, დაავადება უმეტესწილად 40-70 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. სტატისტიკურად, ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიანი სიმსივნის დაავადებებს შორის.

ნიშანდობლივია, რომ ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება, რაც გამოწვეულია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკით (ძუძუს კიბოს სკრინინგი) და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით.

ძუძუს კიბოს პრევენციისათვის რეკომენდებულია:

  • 18+ ასაკის ქალებისთვის ძუძუს ყოველთვიური თვითგასინჯვა;
  • 18-35 წლის ასაკში მამოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი 3 წელიწადში ერთხელ;
  • 35+ ასაკის ქალებისთვის მამოლოგთან პროფილაქტიკური ვიზიტი ყოველწლიურად;
  • 40-70 წლის ასაკის ქალებისთვის ძუძუს კიბოს სკრინინგი 2 წელიწადში ერთხელ.

4. სხეულის მასის ინდექსი
 

თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI) სიმსუქნის საზომია, რომელიც სხეულის მასისა და წონის შეფარდებით გამოითვლება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მითითებები, თუ რამდენად ხშირად უნდა გამოთვალოთ BMI, ეს მნიშვნელოვანი პარამეტრია. თქვენი BMI მიუთითებს გაქვთ თუ არა ჭარბი წონა ან სიმსუქნე, რაც ზრდის ისეთი დაავადებების განვითარების რისკებს, როგორიცაა დიაბეტი, გულის დაავადება და ზოგიერთი სახეობის კიბო. ამიტომ მნიშვნელოვანია პერიოდულად აკონტროლოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი, მისი მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში კი მიმართოთ ექიმს.

როგორ გამოვთვალოთ BMI
 

ზრდასრული ადამიანის სხეულის მასის ინდექსი (BMI) ითვლება ადამიანის წონის (კილოგრამებში) შეფარდებით სიმაღლის (მეტრებში) კვადრატთან. მაგალითად, თუ ზრდასრული ადამიანი იწონის 70 კგ-ს და მისი სიმაღლე 1.75 მეტრია, მისი BMI შეადგენს 22.9-ს. 70/1.75^2=22.9

20 წელზე მეტი ასაკის ზრდასრულებისთვის BMI-ს ნორმალური მაჩვენებელი 18.5–24.9 ფარგლებში უნდა იყოს. BMI-ის მაჩვენებელი 25.0–29.9 ფარგლებში სიმსუქნის წინა სტადიად ითვლება, ხოლო 30-ზე მეტი – სიმსუქნედ.

5. ძვლის სიმკვირივე
 

50 წელს გადაცილებული ყოველი მესამე ქალი დაავადებულია ოსტეოპოროზით. ოსტეოპოროზი „ფოროვან ძვალს“ ნიშნავს და ძვლოვანი მასის შემცირებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების შედეგად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შესაძლოა მოტეხილობის მიზეზი გახდეს. ამიტომ, 50+ ასაკის ქალებისთვის მნიშვნელოვანი ძვლის მინერალური სიმკვრივის რეგულარული მონიტორინგი.

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ რევმატოლოგიურ ცენტრში ძვლის მინერალური სიმკვრივის დადგენა – DXA (ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრიის) გამოკვლევის გზით ხორციელდება, რაც ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტადაა აღიარებული.

6. ლიპიდური ცვლის პროფილი
 

ლიპიდური ცვლის პროფილი ტესტების (ანალიზების) ერთობლიობაა, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების ან ინსულტის განვითარების რისკის შესაფასებლად. კვლევა მოიცავს საერთო ქოლესტერინის და სხვა ლიპიდების განსაზღვრას სისხლში.

40+ ასაკის ქალებისთვის სასურველია ლიპიდური ცვლის პროფილის რეგულარული მონიტორინგი. ასევე მათთვის, ვისაც აქვს ჭარბი წონა ან დიაბეტი.

7. კოლორექტული კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
 

კოლორექტული კიბო ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბოა. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

50-70 წლის ქალებისთვის საქართველოში კოლორექტული კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. სკრინიგნის ჩატარება რეკომენდებულია 2 წელიწადში ერთხელ. სკრინიგნის პროგრამაში ჩართვა შეგიძლიათ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“.

რა პროცედურებს მოიცავს სკრინინგის პროგრამა
 

  • გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;
  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება.
  • საჭიროების შემთხვევაში:
  • კოლონოსკოპიური კვლევა;
  • კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება;
  • ჰისტოლოგიური კვლევა.

8. საშვილოსნოს ყელის კიბო
 

საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, მაგრამ ამავდროულად პრევენცირებადი და განკურნებადი ონკოლოგიური დაავადებაა. ის არის ერთადერთი ონკოლოგიური დაავადება, რომლის პრევენცია ვაქცინაციითაა შესაძლებელი. რეგულარული სკრინინგი კი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე განკურნების შესაძლებლობას 100-დან 93 შემთხვევაში იძლევა.

ვაქცინაცია

საქართველოში მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია ტარდება 9 წლის ასაკის გოგონებში. ვაქცინაცია სამეტაპიანია, კეთდება 2- თვიანი შუალედით პირველ და მეორე დოზებს შორის და 6- თვიანი შუალედით პირველ და მესამე დოზებს შორის.

სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი 3 წელიწადში ერთხელ.

სკრინინგის პროგრამა მოიცავს:

  • Pap ტესტის ჩატარებას;
  • გინეკოლოგის კონსულტაციას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში: კოლპოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში: კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.

9. კანის წარმონაქმნების სკრინინგი
 

კანის წარმონაქმნების მონიტორინგი ყველა ქალისთვის ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. მნიშვნელოვანია რეგულარულად დაათვალიეროთ კანი და კანის წარმონაქმნები, აკონტროლოთ ახალი წარმონაქმნების გაჩენა ან არსებულის სახეცვლა. ცვლილების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

დამწვრობას შეუძლია გამოიწვიოს მელანომა და კანის სხვა დაავადებები. ამიტომ ყველა ასაკში მნიშვნელოვანი მზით დამწვრობისა და სოლარიუმის მოხმარებისგან დაცვა.

35+ ასაკის ქალებისთვის კანის წარმონაქმნების სკრინინგი ყოვლეწლიურადაა რეკომენდებული. ყოველწლიური სკრინინგი უნდა ჩაიტაროთ ასევე იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვთ I და II ტიპის კანი და მზეზე ადვილად იწვებით;
  • ბავშვობაში მიღებული გაქვთ მზის დამწვრობა;
  • დიდ დროს ატარებთ მზეზე;
  • ხართ სოლარიუმის მომხმარებელი;
  • გაქვთ მრავლობითი (50–ზე მეტი) ხალი;
  • გაქვთ კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა;
  • გადანერგილი გაქვთ ორგანო.

10. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
 

ბოლო წლებში ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებს შორის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები სიხშირით მეორე ადგილზეა.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა 89.8% პაპილური კარცინომაა და ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული ფორმების სიმსივნეებს მიეკუთვნება, რომელთა 10-წლიანი საერთო გადარჩენადობა 90-95%-ს შეადგენს.

25-70 წლის ქალებისთვის მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინიგნის უფასო პროგრამა, რომლის ჩატარება 5 წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. კვანძოვანი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში კი სკრინინგის პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი – 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.

სკრინინგის პროგრამა უზრუნველყოფს

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
  • ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში;
  • ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.

რისკ-ფაქტორებში შედის

  • გენეტიკური სინდრომები და ოჯახური ანამნეზის არსებობა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მაღალი რადიაციული ფონი.

დაავადების სიმპტომები შესაძლებელია იყოს

  • კისრის კონფიგურაციის შეცვლა;
  • ხმის ტემბრის შეცვლა (დისფონია);
  • ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);
  • კისრის ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია).

 


გაითვალისწინეთ, ვებგვერდზე განთავსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც პირდაპირი სამედიცინო რჩევა ან ექიმის კონსულტაციის ჩამნაცვლებელი.