2026 წლის 13 იანვარს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ესტუმრა ესპანეთიდან მოწვეული რადიაციული ონკოლოგი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი კარლოს სენტენო (Carlos Centeno) ესტუმრა.
პროფესორი კარლოს სენტენო ამჟამად Clínica Universidad de Navarra-ში (ქ. პამპლონა, ნავარა, ესპანეთი) საქმიანობს. იგი ATLANTES Global Observatory of Palliative Care-ის დამფუძნებელი და უცვლელი ხელმძღვანელია. ეს საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ევროპულ ქვეყნებში პალიატიური მზრუნველობის განვითარების ყოველწლიურ შეფასებასა და მონიტორინგს ახორციელებს.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა სენტენომ კლინიკის გუნდს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც დეტალურად ისაუბრა პალიატიური მზრუნველობისა და დაავადების სიმპტომური მართვის გადამწყვეტ როლზე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და კომპლექსური, მულტიდისციპლინური მოვლის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროფესორი კარლოს სენტენო ასევე კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ინიციატივით წამოწყებული მულტიცენტრული კლინიკური კვლევის მოწვეული კონსულტანტია. კვლევის ფარგლებში ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებს, ქიმიოთერაპიის გარკვეული სქემებით მკურნალობის პერიოდში, ვთავაზობთ კრიოთერაპიულ ხელთათმანებსა და წინდებს. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს ქიმიოთერაპიით ინდუცირებული პერიფერიული ნეიროპათიის პრევენციას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკურნალობის პროცესში პაციენტთა ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში.
კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოლოგთა გუნდი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას უცხოელ კოლეგებთან - ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლინიკის ერთგულებას თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პაციენტზე ორიენტირებული ონკოლოგიური ზრუნვის მიმართ.