სიახლეები

Covid-19-ის რისკები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

რა დამატებითი რისკები აქვს Covid-19-ის ინფექციას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ?

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული, მეტაბოლური  დაავადება, რომელიც ორგანიზმში პანკრეასის ბეტა უჯრედის მიერ  ინსულინის გამომუშავების ფუნქციის დარღვევის  გამო იწვევს  სისხლში გლუკოზის დონის მატებას. ხანგრძლივად მიმდინარე, არაკომპენსირებულმა ჰიპერგლიკემიამ   შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თირკმელების უკმარისობა, მხედველობის დაქვეითება, ნეიროპათია, დიაბეტური ტერფი და სხვა.                                                                                                                        

ორგანიზმში  მუდმივად არსებული  ჰიპერგლიკემია, აგრეთვე, იწვევს იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებას, განაპირობებს იმუნური პასუხის დისფუნქციას და ორგანიზმი ხდება  სენსიტიური ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მიმართ,  მათ შორის, Covid-19-ის ინფექციის   მიმართ.

ექსპერტების დასკვნით, არაკომპენსირებული  შაქრიანი  დიაბეტი,  ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან ერთად როგორიცაა:  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება და სიმსუქნე, ითვლება განსაკუთრებით საშიშ თანმხლებ  მდგომარეობად Covid-19-ის ინფექციის დროს,  დაავადების მძიმედ/კრიტიკულად მიმდინარეობის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.

ავადდებიან თუ არა Covid-19 -ით დიაბეტის მქონე პაციენტები უფრო ხშირად ?

სრულფასოვნად მართული შაქრიანი დიაბეტი არ წარმოადგენს დამატებით რისკ ფაქტორს Covid- 19-ით ინფიცირებისათვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ინფიცირების შემთხვევაში, არაკომპენსირებული დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ დიაგნოსტირებული დიაბეტთან დაკავშირებული  გართულებები, როგორიცაა გულის იშემიური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა  და სხვა,  დაავადება შეიძლება წარიმართოს უფრო მწვავედ, ვიდრე კომპენსირებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რა სიმპტომებს უნდა  მიექცეს ყურადღება დიაბეტის მქონე  პაციენტების Covid-19-ით დაავადების  შემთხვევაში?

ყურადღება უნდა მიექცეს ყველა იმ სიმპტომს, რაც ზოგადად დამახასიათებელია Covid-19-ის ინფექციისთვის. კერძოდ, ტემპერატურის მატება, მშრალი ან პროდუქტიული ხველა, სისუსტე, კუნთების ტკივილი. თანდართული სიმსუქნის არსებობის შემთხვევაში პირველი სიმპტომი შეიძლება  იყოს სუნთქვის  უკმარისობა, ქოშინი.  სპეციფიკური ჩივილი  არ არის დამახასიათებელი, თუმცა სიმპტომების გამოჩენისთანავე, აუცილებელია პაციენტი დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს, რათა განისაზღვროს მკურნალობის  შემდგომი ტაქტიკა, დაავადების ამბულატორიული მართვა თუ ჰოსპიტალიზაცია.

საჭიროა თუა არა  ცვლილებების შეტანა ანტიდიაბეტურ მკურნალობაში პანდემიის პერიოდში?

თუ თვითკონტროლით სისხლში ფიქსირდება გლუკოზის სამიზნე მაჩვენებლები, მკურნალობაში ცვლილება არ არის საჭირო. ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს ვიტამინებით და მიკროელემენტებით ორგანიზმის შევსება, კერძოდ ვიტამინებით:  C, D, B, თუთია Zn, რკინა Fe, სელენი - იმუნურ სისტემაზე მათი დადებითი გავლენის გამო;                                                                                        გლიკემიის დეკომპენსაციის  შემთხვევაში,  აუცილებელია მკურნალმა ექიმმა მოახდინოს მკურნალობის სქემის ადეკვატური კორექცია.

როგორ შევამციროთ გართულების რისკი, არსებობს თუ არა სპეციფიკური რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის?

მნიშვნელოვანია გლიკემიის სრულფასოვანი მართვა, რაც  გულისხმობს  სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების რეკომენდირებულ ნორმებში შენარჩუნებას. საჭიროა გლიკემიის ინტენსიური  კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულ მკურნალობაში კორექციის შეტანა ექიმთან შეთანხმებით - ეს თავიდან აგვაცილებს ინფიცერების მომატებულ რისკს და დაინფიცირების შემთხვევაში უზრუნველყოფს დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას.  ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, დიაბეტის უკეთესად მართვის მიზნით პაციენტი ხანმოკლე პერიოდით გადაყვანილ იქნას ინსულინთერაპიაზე (თუ უკვე აღნიშნულ მკურნალობაზეა, მოხდეს დოზების კორექცია).

დიაბეტი განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ჯანსაღი ცხოვრების წესს - სწორ, ბალანსირებულ კვებას, ფიზიკურ აქტივობას სუფთა ჰაერზე, მოწესრიგებულ ძილს 7-8 საათი დღე ღამეში, რეგულარულ მკურნალობას. ამ რეკომენდაციების დაცვით პაციენტი შეძლებს  თავიდან  აიცილოს დიაბეტით გამოწვეული გართულებები.

გსურთ ჩაერთოთ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში? დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტი კლინიკაში “კონსილიუმ მედულა”, შეავსეთ დაჯავშნის ფორმა ან დაგვიკავშრდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა