სიახლეები

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” ტარდება უფასოდ. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 25 -დან  70 წლის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებულ ქალებს, მათ შორის დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

 

სკრინინგის პროგრამა უზრუნველყოფს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაციას;
  • ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრას სისხლში;
  • ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;

კვანძოვანი პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში განმეორებითი სკრინინგი ტარდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. კვანძოვანი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში სკრინინგ პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი - 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.

კლინიკა „კონსილიუმ მედულა“  სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობს 2018 წლიდან. კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ მიმდინარე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის  სკრინინგ პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის  კიბოს  სკრინინგი

დაავადებათა რეგისტრის მიხედვით ბოლო რამოდენიმე წელიწადია  ქალთა პოპულაციაში რეგისტრირებულ  კიბოს ახალ შემთხვევებს შორის, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები  მეორე ადგილზეა  სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური პათოლოგიების შემდეგ.

ფარისებრი ჯირკვლის  კიბოს გამოვლენის სკრინინგ პროგრამა, თბილისის მერიის მიერ   გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით , საშუალებას  იძლევა თბილისში რეგისტრირებულ, რისკის მქონე ქალებში  დაავადების დიაგნოსტირება  ადრეულ სტადიაზე მოხდეს და დროულად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკა.

 

რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბო

ფარისებრი ჯირკვლის კიბო არის ავთვისებინი პროცესი, რომელიც იწვევს თირეოიდული უჯრედების  მუტაცია (გადაგვარება).  ჰისტოლოგიური შენების მიხედვით გამოყოფენ  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რამოდენიმე ტიპს:პაპილარული კიბო:ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა  უმეტესობა (80%) ამ კატეგორიაში ხვდება. ხასიათდება  სიმსივნის ნელი პროგრესირებით, დაზიანება არ სცილდება კისრის ლიმფურ კვანძებს;

1. პაპილარული კიბოფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა  უმეტესობა (80%) ამ კატეგორიაში ხვდება. ხასიათდება  სიმსივნის ნელი პროგრესირებით, დაზიანება არ სცილდება კისრის ლიმფურ კვანძებს;

კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზირება ვლინდება შემთხვევათა 15-20 %-ში , უპირატესად ავადდებიან  50 წლამდე ქალბატონები;  დაავადება დროული მკურნალობის შემთხვევაში არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე, ხასიათდება აბსოლუტური გადარჩენადობით იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოვლინდება შედარებით გვიან სტადიაზე
(მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში).

2. ფოლიკულარული კიბო: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ეს ფორმა ძირითადად ასაკოვან ქალებში გვხვდება. მისი პროგნოზიც, როგორც წესი, დადებითია. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით 10%-ი  ფოლიკულურია; იშვიათად ახასიათებს მეტასტაზირება ფილტვებში.

3. მედულარული კიბო: მედულარული კიბოს წილი  ფარისებრი ჯირკვლის კიბოებს შორის 5-10 %-ია, ის ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის პარაფოლიკულური C უჯრედებისგან.  ხშირად მედულარული კიბოს მიზეზია  მენ 2 სინდრომი (გენეტიკურ ფაქტორებთან ასოცირებული მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზია).  ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით და აგრესიული მიმდინარეობით , პროგნოზი შედარებით არაკეთილსაიმედოა, სადიაგნოსტიკო მარკერია სისხლში კალციტონინის მატება.

4. ანაპლასტიური კიბო: ის ფარისებრი ჯირკვლის კიბოებს შორის  ყველაზე იშვიათი და აგრესიული ფორმაა; ახასიათებს ელვისებური განვითარება და სწრაფი მეტასტაზირება ხორხში, ტრაქეაში, სისხლძარღვებში . შემთხვევათა შორის მისი წილი 5%-ს არ აღემატება. ის განკურნებას იშვიათად ექვემდებარება.

 

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევები

გამომწვევებად მიიჩნევა თირეოიდ სპეციფიკური კანცეროგენები,  რომელთა ზუსტი იდენტიფიცირება  და კიბოს განვითარებაში მათი როლის შეფასება ვერ ხერხდება:

  • რადიაციული გამოსხივება;
  • ქიმიური დამაბინძურებლები;
  • მძიმე და სხვა მეტალები;
  • ნიტრატები.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკ ფაქტორები

  • დაავადება უფრო ხშირია ქალებში;
  • ანამნეზში თავისა და კისრის არის დასხივება;
  • გენეტიკური სინდრომები და ოჯახური ანამნეზის არსებობა;
  • თამბაქოს მოხმარება.

რა სიმპტომები აქვს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს

ხშირ შემთხვევაში დაავადება ვლინდება პროფილაქტიკური გასინჯვის დროს, რადგან ადრეულ სტადიაზე კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს, შემდგომში სიმსივნის ზრდის და გავრცელების მიხედვით შეიძლება აღინიშნოს:

  • კისრის კონფიგურაციის შეცვლა;
  • ხმის ტემბრის შეცვლა(დისფონია);
  • ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);
  • კისრის ლიმფური კვანძების გადიდება (ლიმფადენოპათია)

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკაში  ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება  ულტრაბგერით კვლევას.  საეჭვო კვანძის გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს  წვრილი ნემსით ასპირაციული ბიოფსია (FNA) ციტოლოგიური კვლევით;    იმ შემთხვევაში ,თუ ციტოლოგიურად ვერ ხერხდება დიაგნოზის ზუსტი დიფერენცირება, მოწოდებულია  ასპირაციული მასალის  გენეტიკური ანალიზი (BRAF , RET , RAS  მუტაციების განსაზღვრა) დიაგნოზის ვერიფიკაციის, სიმსივნის აგრესიულობის და ოპერაციული მასშტაბის განსაზღვრის მიზნით;

 

მკურნალობა

1. ქირურგიული მკურნალობა - თირეოიდექტომია (ჰემითირეოიდექტომია, ტოტალური თირეოიდექტომია ან  ტოტალური თირეოიდექტომია ლიმფოდისექციით).  ოპერაციის მასშტაბი დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, ზომასა და გავრცელების ხარისხზე  (მიკროკარცინომა, ექსტრაკაფსულური გავრცელება და სხვა); კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციული მკურნალობა უკვე მეორე წელია ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის ფონზე. თანამედროვე გაიდლაინებით ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს  ცთომილი და ლარინგეალური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და მათი დაზიანების პრევენციას უზრუნველყოფს.

2. მკურნალობის შემდგომი ეტაპია რადიაქტიული იოდით მკურნალობა, ჰისტომორფოლოგიური დასკვნის შესაბამისად  რომელიც უზრუნველყოფს დაავადების რეციდივის პრევენციას - ოპერაციის შემდგომ დარჩენილი უჯრედების, მათ შორის ავთვისებიანი უჯრედების ელიმინაცია/დესტრუქსიის გზით.

3. სუპრესიული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ლევოთიროქსინი);

4. დაკვირვების ვიზიტები გარკვეული პერიოდულობით : კისრის ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, მთლიანი სხეულის სცინტიგრაფია, TSH, FT4 თირეოგლობულინის განსაზღვრა სისხლში.

 

მედულარული და ანაპლასტიური კიბოს დროს იგეგმება გაფართოებული მასშტაბის ოპერაცია  ტოტალური თირეოიდექტომია კომბინირებული ლიმფოდისექციით.

ფარისებრი ჯირკვლის  სკრინინგის ჩატარება მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” უფასოდაა შესაძლებელი. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია. კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ სკრინინგის პროგრამაში 2018 წლიდან მონაწილეობს.

 

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+ 995 32) 2 122 002;

კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა