სიახლეები

სარძევე ჯირკვლის ბიოფსიები

სარძევე ჯირკვლის ბიოფსია მცირე ქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვალში გამოვლენილი სიმსივნური წარმონაქმნიდან ქსოვილოვან ნიმუშს იღებენ. ნიმუში ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში იგზავნება. ქირურგიული პროცედურა და ლაბორატორიული გამოკვლევა უზრუნველყოფს დიაგნოზის დადგენას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა.

რადიოლოგიური გამოკვლევები - მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, ძუძუს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია - გამოავლენს პათოლოგიური წარმონაქმნებს სარძევე ჯირკვალში. თუმცა დიაგნოზის ვერიფიცირების ერთადერთი გზა არის დაზიანებული არიდან ექოსკოპიური/მამოგრაფიული კონტროლით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება და მისი შესწავლა.

 რა სახის ბიოფსიები ტარდება კლინიკაკონსილიუმ მედულაში“ ?

 მსხვილნემსიანი COR-ბიოფსია / Core needle biopsy

სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია ითვლება დიაგნოსტიკის მარტივ და საიმედო მეთოდად. მსხვილნემსიანი ბიოფსია ტარდება სპეციალური აპარატით. მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით და ექოსკოპიის კონტროლით უკეთდება.

მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის დროს კეთდება მცირე 2-3 მმ ზომის კანის განაკვეთი. პათოლოგიური კერიდან სტანდარტულად იღებენ 3-6 ქსოვილოვან ნიმუშს. ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე.

თუ პაციენტს ესაჭიროება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, სიმსივნურ წარმონაქმნში ბიოფსიის აღების დროსვე ხდება მეტალის კლიპის იმპლანტაცია სიმსივნური არის მარკირების მიზნით. 

 

პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, არის უმტკივნეულო, არ ტოვებს კანზე ნაწიბურს, 20-30 წთ-ის შემდეგ პაციენტი ეწერება კლინიკიდან. მსხვილნემსიანი COR-ბიოფსიის შედეგიანობა 98%-ს აღწევს.

მსხვილნემსიანი ბიოფსიის ჩატარება შესაძლებელია მამოგრაფიული ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კონტროლითაც. ამ ტიპის ბიოფსიას სტერეოტაქტიკური ეწოდება (Stereotactic Needle Biopsy).

 წვრილნემსიანი ბიოფსია - FNA-ბიოფსია (Fine needle aspiration)

FNA-ბიოფსია ქირურგიული პროცედურაა, რომელიც ჩვეულებრივი ნემსით ტარდება. მწოლიარე მდგომარეობაში პაციენტს პროცედურა უტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის კონტროლით, კანზე განაკვეთის გარეშე. პათოლოგიური არიდან ხდება უჯრედული მასალის აღება და შემდგომი ციტოლოგიური კვლევა.

პროცედურა მარტივია, თუმცა არ გააჩნია მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება, რადგანაც შეუძლებელია სიმსივნის მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ტიპის განსაზღვრა. ამ სახის ბიოფსიას იყენებენ სარძევე ჯირკვლის ცისტების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის, ასევე რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზური დაზიანებების გამოსავლენად.

 სარძევე ჯირკვლის ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსია - VAB /Vacuum-assisted breast biopsy

ქირურგიული პროცედურა ტარდება სპეციალური აპარატით, ადგილობრივი ანესთეზიით, ექოსკოპიის ან მამოგრაფიის კონტროლით. კანზე კეთდება დაახლოებით 5 მმ ზომის განაკვეთი. პროცედურის ჩატარების ჩვენებაა რადიოლოგიურად გამოვლენილი ძუძუს არაპალპირებადი მცირე ზომის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტირება, ასევე რადიოლოგიურად აღწერილი მიკროკალცინატების ჯგუფების გენეზის დადგენა.

პროცედურის დროს სპეციალური რობოტიზირებული ნემსი რადიოლოგიური კონტროლით შედის პათოლოგიურ არეში. ვაკუუმის საშუალებით ნემსს აქვს ქსოვილოვანი მასალის ავტომატური შეგროვების ფუნქცია, ხდება იდეალური ბიოპტატის მიღება სისხლის დანაკარგის გარეშე.

პროცედურის ბოლოს სიმსივნის სარეცლის მარკირების მიზნით შესაძლებელია მასში მეტალის კლიპის იმპლანტაცია. ვაკუუმ ასისტირებული ბიოფსიის მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. სრული პროცედურის ხანგძლივობაა 20-30 წუთი, პროცედურიდან 1 საათში პაციენტი ეწერება კლინიკიდან. მეთოდის დიაგნოსტიკური ღირებულება 100%-ს უტოლდება.

 ინციზიური ბიოფსია

ქირურგიული პროცედურა გულისხმობს პათოლოგიური სიმსივნური კერიდან ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში, ღია წესით ქსოვილოვანი ნიმუშის აღებას. მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. ინციზიური ბიოფსია ტარდება მაშინ, როდესაც საჭიროა კანში ინვაზირებული, გახსნილი სიმსივნიდან დიაგნოსტიკის მიზნით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება. ინციზიური ბიოფსია მსხვილნემსიანი ბიოფსიის ალტერნატივას პალპირებადი და რადიოლოგიურად აღწერილი წარმონაქმნების შემთხვევაში არ წარმოადგენს.

 ექციზიური ბიოფსია

სადიაგნოსტიკო ოპერაციაა, ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიით. საჭიროებს ფართე განაკვეთს, რის საშუალებითაც ხდება პათოლოგიური უბნის სრული ამოკვეთა. მასალა იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. დიაგნოსტიკური თვალსაზრისით მაღალ ინფორმატიულია, არ გააჩნია ცრუ დადებითი შედეგები, თუმცა, ფაქტიურად, წარმოადგენს ქირურგიულ ოპერაციას. გამოიყენება იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

 

სარძევე ჯირკვლის ბიოფსიებს ატარებს კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ სამედიცინო დირექტორი, ქირურგი-ონკოლოგი, ენდოკრინული ქირურგი, მამოლოგი სოსო სანიკიძე.

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+ 995 32) 2 122 002;

კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ

 

 

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა