სიახლეები

  •    კლინიკა „მედულა” წლების წინ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, დავით თაბაგარმა დააარსა. კლინიკის საქმიანობის ძირითადი მიზანი საქართველოში წამყვანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევაა. „მედულა” დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, აღჭურვილია მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებით და მუდმaივად ინერგება კვლევების მაღალი სტანდარტები. კლინიკის საქმიანობასა და მიღწევებზე უფრო დეტალურად „მედულას” კლინიკური მიმართულებების ხელმძღვანელი, ონკოქირურგი, თორაკოქირურგი, პროფესორი დავით გიორგაძე გვესაუბრა. ბოლო ათი წელია, რაც დავით გიორგაძე კლინიკა „კონსილიუმ მედულას” გუნდის წევრია  და  მის კლინიკურ მიმართულებებს ხელმძღვანელობს. „მედულას” მომავალ წელს არსებობის 15 წელი უსრულდება. – როგორია კლინიკა „მედულას” განვითარების ისტორია?– დაახლოებით 15 წლის წინ „მედულა” დააარსა ბატონმა დავით თაბაგარმა. თავდაპირველად მხოლოდ ქიმიოთერაპიული მკურნალობით ემსახურებოდა პაციენტებს, თუმცა, მალევე ჩამოყალიბდა მრავალპროფილურ კლინიკად. დღეს ჩვენს კლინიკაში ვმკურნალობთ როგორც ონკოლოგიურ, ასევე არაონკოლოგიურ პაციენტებსაც. ჩვენი მთავარი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ქირურგიული ონკოლოგია, თუმცა, არის თერაპიული დარგებიც, მათ შორის: ქიმიოთერაპია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია, კარდიოლოგია და სხვა. ამჟამად ჩვენ კლინიკური ონკოლოგიის ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ქირურგია და მედიკამენტური თერაპია, თუმცა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მესამე მიმართულება – რადიოთერაპია უკვე ფეხს იდგამს ჩვენს კლინიკაში ბრაქითერაპიის სახით.– უცხოელ პარტნიორებთან თუ თანამშრომლობთ?– რა თქმა უნდა. ჩვენს დროში უცხოელ პარტნიორებთან კავშირისა და კონსულტაციების გარეშე ძნელია კლინიკის განვითარება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა. კლინიკა „მედულას” აქვს მჭიდრო ურთიერთობა ისრაელის, საფრანგეთის, თურქეთისა და ამერიკის სხვადასხვა კლინიკასთან. ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვაწარმოებთ როგორც ონკოლოგიურ, ასევე სხვა მიმართულებების კლინიკურ კვლევებს. ცოტა ხნის წინ „მედულამ” უმასპინძლა ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ონკოლოგთა გუნდს. ჩვენი კლინიკის დათვალიერების შემდეგ, უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა, ჯული გრილოუმ, მონაწილეობა მიიღო ცალკეული პაციენტების მკურნალობის გეგმის შემუშავებაში. პარალელურად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექთნების სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს ექთნებს ქართულ ენაზე ნათარგმნი საინტერესო ლიტერატურა გადასცა. უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა კლინიკური კვლევები, ამ მხრივ ჩვენი კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პიონერია. კლინიკური კვლევების საშუალებით ხერხდება  ჩვენი პაციენტების მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტებით, როგორც ონკოლოგიური, ასევე არაონკოლოგიური პროფილით. ჩვენთან ჩატარებულია და ამჟამადაც მიმდინარეობს 50-ზე მეტი კლინიკური კვლევა.– რით გამოირჩევა „მედულას” მედიკოსთა გუნდი?– „მედულა” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ახლა ჩვენი კლინიკის სახელწოდებაა „კონსილიუმ მედულა”, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ჩვენ გუნდურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თითოეული მათგანის კონსილიუმზე განხილვისა და საერთო აზრის გათვალისწინების მეთოდით. მაგალითად, ონკოლოგიური პაციენტის ისტორიის განხილვაში მონაწილეობს როგორც ონკოლოგი, ასევე ქირურგი, თერაპევტი, რადიოლოგი, მორფოლოგი. – რა მიმართულებით არის კლინიკა „მედულა” ერთ-ერთი პირველი?– ქალებში გახშირებული ერთ-ერთი სამედიცინო პრობლემაა შარდის შეუკავებლობა. როგორც წესი, ქალების უმეტესობას აქვს ამ დაავადების გამხელის კომპლექსი და ამის გამო ვერ მოხერხდა ამ დარგის განვითარება საქართველოში, თუმცა, ეს პრობლემა ქალთა დაახლოებით 30 პროცენტს აწუხებს. ეს დაავადება კონსერვატიულ მკურნალობას ძალიან იშვიათ შემთხვევაში ექვემდებარება, ძირითადად საჭირო ხდება ხოლმე ქირურგიული ჩარევა. ისრაელის კლინიკასთან თანამშრომლობითა და მათგან მოწვეული წარმოშობით ქართველი პროფესორის დახმარებით, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ამ ოპერაციის კეთება, თავისი ცოდნა და გამოცდილება  ჩვენი კლინიკის  ექიმებს გაუზიარა და, ამის შედეგად,  დღეს ეს ოპერაციები უკვე „მედულაშიც” კეთდება. როგორც მოგეხსენებათ, უკვე ფართოდ არის დანერგილი ენდო-ვიდეო ქირურგიული მკურნალობა, რაც ითვალისწინებს ეგრეთ წოდებულ უსისხლო ოპერაციას, დიდი განაკვეთების გარეშე. მსგავსი ტიპის ოპერაციები კეთდება უკვე გულმკერდის ორგანოებზეც – ჩვენ ამ დარგის ერთ-ერთი პიონერები ვართ. ამას ჰქვია თორაკოსკოპია. ამ შემთხვევაში გულმკერდის ორგანოებში ქირურგიული ჩარევა ხდება არა ღია წესით, არამედ, ნაკლები ქირურგიული ტრავმით, პაციენტს კი მეორე დღესვე აქვს სახლში წასვლის შესაძლებლობა. ცოტა ხნის წინ „მედულაში” ჩავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია სწორედ ამ თორაკოსკოპიული მეთოდით. არის ასეთი დაავადება – მიასთენია, რომლის დროსაც გამოხატულია კუნთების ძლიერი სისუსტე, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება. ამ დაავადების მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, რასაც ჰქვია სტერნოტომია და სიმსივნის ამოკვეთა. ეს ოპერაცია საქართველოში, ტრადიციულად, ტარდება მკერდის ძვლის გაკვეთის მეთოდით, რაც თავისთავად ძალიან მძიმე პროცესია, ამ დროს დიდია ტრავმა და, შემდგომი რეაბილიტაციისთვის პაციენტებს ესაჭიროებათ 2-3 კვირა. ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნე, თორაკოსკოპიული მეთოდით ჩავუტარეთ თიმექტომია მიასთენიით დაავადებულ პაციენტს და მან მეორე დღეს სრულიად გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა.

შემოგვიერთდით

loading
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა