სიახლეები

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” უფასოდაა შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 25-60 წლის ასაკის ქალებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულად აფინანსებს თბილისის მერია. კლინიკა „კონსილიუმ მედულა“ სკრინინგის პროგრამაში 2017 წლიდან მონაწილეობს.

პროგრამა უზრუნველყოფს:

  • Pap ტესტის ჩატარებას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლპოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.

საშვილოსნოს ყელის კიბოსწინა მდგომარეობის ადრეული აღმოჩენა ხდება ყელის ლორწოვანის ნაცხის ციტოლოგიური კვლევით, ანუ Pap ტესტით და კოლპოსკოპიით, ყელის მიკროსკოპიული დათვალიერებით. ტესტის დადებითი პასუხი ავთვისებიანი სიმსივნის სავარაუდო არსებობაზე ან მისი განვითარების რისკზე მიუთითებს, ავლენს კიბოსწინარე მდგომარეობას და ინფექციებს, რომლებმაც საშვილოსნოს ლორწოვანზე ხანგრძლივი ზემოქმედებით შესაძლოა ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს. მაგალითად, ტესტის საშუალებით ვლინდება ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ცვლილებები, ეს ვირუსი კი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების უმთავრესი მიზეზია. დაავადების სწორი მართვა და დროული მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების პრევენციაა.

 

ვის შეუძლია სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 25-60 წლის ასაკის ქალებს.

რა პერიოდულობით არის საჭირო გამოკვლევების ჩატარება?

სკრინინგი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

რატომ არის აუცილებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით შესაძლებელია  გამოვლინდეს კიბოსწინარე დაავადებები და ინფექციები. Pap ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით - ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

რა მეთოდით ტარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრესი მეთოდია Pap ტესტი, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს. Pap ტესტი შემდეგნაირად ხორციელდება: საშვილოსნოს ყელის ე.წ. T (ტრანსფორმაციის, ანუ გარდაქმნის) ზონიდან გინეკოლოგი შპადელით ანუ ფუნჯით იღებს ნაცხს, რომელიც სათანადო წესების დაცვით თავსდება სასაგნე მინაზე და იგზავნება ლაბორატორიაში მიკროსკოპული გამოკვლევისთვის.

როგორ მოვემზადოთ Pap ტესტისთვის?

  • სკრინინგისთვის საუკეთესოა ციკლის შუა პერიოდი;
  • დაუშვებელია Pap ტესტის ჩატარება მენსტრუაციის დროს;
  • თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში Pap ტესტის ჩატარება რეკომენდებული არ არის - კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ტესტის შედეგზე გავლენას ახდენს.

რა არის პაპილომა ვირუსი?

პაპილომა ვირუსი  საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთადერთი გამომწვევია, ჩივილები კიბოს გვიან სტადიებზე ვლინდება, როდესაც  უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია. ამიტომაა მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლენა, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია. პრევენციის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ვაქცინაციაც.

საშვილოსნოს ყელის (ცერვიკალური) კიბო ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს, იმ ქვეყნებში კი, სადაც ამ დაავადების სკრინინგია დანერგილი, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესამჩნევად იკლო.

არის თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება?

სკრინინგი იძლევა შესაძლებლობას, გამოვლინდეს საშვილოსნოს ყელის ქსოვილში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები. კიბოს ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.

რა ნაკლი აქვს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს?

იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა, არ დაფიქსირდეს, ზოგჯერ ავთვისებიანი უჯრედები ნორმალურისგან ძნელი გასარჩევია, ან  საკვლევი მასალა (ნაცხი) მეტად მცირე რაოდენობის პათოლოგიურ უჯრედს შეიცავს, ან საკვლევი მასალა არასათანადოს იყოს მომზადებული;

იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს, შესაძლოა პაციენტს აღმოაჩნდეს ინფექცია, რომლის მკურნალობა აუცილებელია სრულფასოვანი დიაგნოზის დასასმელად.  

კიბოს დამარცხების საუკეთესო და ეფექტიანი საშუალება დროული დიაგნოსტიკაა. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების რისკის მკვეთრ შემცირებას.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარება მრავალპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში” თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის უფასოდაა შესაძლებელი.

კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 
ტელ: (+ 995 32) 2 122 002;
კლინიკა მუშაობს: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00
მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას №6გ

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა