პროსტატის (წინამდებარე ჯირკვლის) ბიოფსია

წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის კიბო მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც საწყის სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროსტატის კიბოს დადგენა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რადგან დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში პაციენტის სრული განკურნებაა შესაძლებელი. წინამდებარე ჯირკვალი, იგივე პროსტატა, მამაკაცის სასქესო ჯირკვალია. იგი გამოიმუშავებს სითხეს (სეკრეტს), რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია და ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება, თუმცა, შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც განვითარდეს. 

პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა - პროსტატის კიბოს განვითარების რისკი 2-4 ჯერ მეტი აქვთ იმ მამაკაცებს, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი;
  • რასობროვი კუთვნილება - შავ კანიანებსა და აფროამერიკელებში უფრო მაღალია პროსტატის კიბოს გამოვლენის სიხშირე

საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს, როგორც აღვნიშნეთ, სიმპტომები არ გააჩნია და მისი გამოვლენა მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი:

  • პროსტატოსპეციფიკური ანტიგენის (PSA) სისხლში განსაზღვრით;
  • პროსტატის დიგიტალურ - რექტალური გასინჯვა ( თითით გასინჯვა უკანა ტანიდან);
  • პროსტატის ტრანსრექტალური ექოსკოპიით.

თუ ამ სამი კვლევით დაფიქსირდა ცვლილება -სისხლში PSA-ს დონე მომატებულია, ან რექტალური გამოკვლევით ჯირკვალში ისინჯება მკვრივი კვანძი, ან ექოსკოპიზე ჩანს ჰიპოექოგენური საეჭვო უბნები, აუცილებელია გაკეთდეს პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსია (უკანატანიდან) ექოსკოპიის კონტროლით და მიღებული მასალა გამოვიკვლიოთ მორფოლოგიურად.

როგორ ტარდება პროსტატის ბიოფსია?

ბიოფსიის დაწყებამდე სწორ ნაწლავში ანალური ხვრელიდან შეგვყავს გელი ლიდოკაინით, რაც ეფექტურად აყუჩებს ადგილობრივად. 5-10 წთ. შემდეგ სწორ ნაწლავში იდგმება ექოსკოპიის გადამწოდი მასზე დამაგრებული ხელსაწყოთი, რომელშიც ტარდება საბიოფსიო ნემსი. ამ ნემსის ზუსტ და სწრაფ მოძრაობას უზრუნველყოფს სპეციალური ბიოფსიის პისტოლეტი, რომლითაც მიიღება პროსტატის ქსოვილი (ბიოფტატები). პროცედურის დროს ასევე ტარდება პროსტატის ექოსკოპიური გამოკვლევა და საეჭვო უბნების გამოვლენა. როგორც წესი, საშუალოდ ხდება 12-14 ბიოფტატის აღება. მიღებული მასალა იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში. აღსანიშნავია, რომ პროცედურა მიმდინარეობს უმტკივნეულოდ და იშვიათად დაფიქსირებულ დისკომფორტს ფსიქოლოგიური განწყობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ ბიოფსიის შემდეგ რეკომენდებულია პაციენტის რამდენიმე საათით სტაციონარში დაყოვნება და სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა.

რეკომენდაციები პროსტატის ბიოსფსიის წინ

- 3-5 დღის განმავლობაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს სისხლის გამათხიერებელი პრეპარატების მიღება

- პროცედურის დღეს (დილით)  ნაწლავები უნდა გაიწმინდოს ოყნის საშუალებით

- დილით პროცედურამდე აუცილებელია პაციენტმა მსუბუქად ისაუზმოს

- ბიოფსიამდე 1 დღით ადრე უნდა დაიწყოს ანტიბაქტერიული მკურნალობა, რომელიც პროცედურის შემდეგ 5 დღემდე გრძელდება.

ბიოფსიის შემდგომი შესაძლო გართულებები

- შარდში, სპერმაში და განავალში სისხლის გამოჩენა;

- პროსტატის ანთებითი პროცესის განვითარება;

- შარდის მწვავე შეკავება;

- ზომიერი ხასიათის ტკივილი შორისის მიდამოში და სწორი ნაწლავის არეში.

სათანადო პრევენციული და პროფილაქტიკური ზომების მიღების შემდეგ  გართულებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება და პროცედურის შემდგომი პერიოდი მკურნალობის ფონზე  მშვიდად მიმდინარეობს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა