ცისტიტი

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. ცისტიტით ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს. ცისტიტის ძირითადი გამომწვევია გრამ-უარყოფითი ბაქტერია-ნაწლავის ჩხირი. დაავადების მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე. ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში. მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში. 

ცისტიტის გამომწვევი ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში განსხვავდება. ახალგაზრდა ქალებისთვის დამახასიათებელი მაპროვოცირებელი ფაქტორებია: 

  • სქესობრივი კავშირი;
  • კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • ახალი სქესობრივი პარტნიორი;
  • დედის ანამნეზში საშარდე გზების ინფექციები;
  • საშარდე გზების ინფექციები ბავშვობაში.

ქრონიკული-რეციდიული ცისტიტი უფრო პოსტ-მენოპაუზურ ასაკში მყოფ ქალებში  გვხვდება და მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • საშარდე გზების ინფექციები მენოპაუზამდე;
  • შარდის შუკავებლობლობა;
  • ატროფიული ვაგინიტი, რომელიც გამოწვეულია ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონი) დეფიციტით.
  • საშარდე გზების ფუნქციონალური დარღვევები ნარჩენი შარდის მომატებით. 
  • გარეთა საშარდე გზების ანატომიური ცვლილებები. 

ცისტიტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია ანამნეზის შეგროვება და კლინიკური სიმპტომების შეფასება. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა შარდის საერთო ანალიზისა და შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზის შედეგებს ემყარება. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია შარდის ბუშტისა და თირკმელების ექოსკოპია. ასევე მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდია ცისტოსკოპია, რომლის დროსაც ხდება შარდის ბუშტის ლორწოვანის დათვალიერება. 

ცისტიტის მკურნალობა ემყარება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღებას, გამომწვევი ბაქტერიების მგრძნობელობის მიხედვით. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია შემდგომი მედიკამენტოზური ან არამედიკამენტოზური პროფილაქტიკა. არამედიკამენტოზური პროფილაქტიკა მოიცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სითხის საკმარისი რაოდენობით მიღებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას. მაღალეფექტურია შტოშის ნაყენის მიღება.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა