კონსილიუმ მედულაში კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა განახლდა

2016 წლის 1 მარტს პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით „მედულა-ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკას“ მიენიჭა აკრედიტაცია სარეზიდენტო პროგრამაში - „კლინიკური ონკოლოგია“. სარეზიდენტო პროგრამის კვოტა 5 მაძიებლის ოდენობით განისაზღვრა. ამავე პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად 4 მაძიებელი ჩაირიცხა. კლინიკურ ონკოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამა სამი წელი გრძელდება. სწავლება კლინიკურ ონკოლოგიაში ESMO და ASCO გაიდლაინების საფუძველზე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის მიხედვით განხორციელდება. კლინიკის ყოფილი რეზიდენტები დღეს ამავე კლინიკაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ, მეტიც, ისინი რეზიდენტებს ტრენინგებს დღეს უკვე თავად უტარებენ. კლინიკური ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი პროფესორი დავით გიორგაძეა. სწავლებას კოორდინირებას პედაგოგიური საბჭო (დავით თაბაგარი, დავით გიორგაძე, ლია აბშილავა, ია წულაია, მარი ჟვანია, თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა) გაუწევს. ონკოლოგიაში სარეზიდენტო პროგრამა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის (უნივერსიტეტის ან ინსტიტუტის) კურსდამთავრებული დიპლომირებული მედიკოსებისთვისაა განკუთვნილი. მზადების ძირითადი პრინციპია - რეზიდენტის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პალიატიური მზრუნველობის პრინციპები და მეთოდები) სრულყოფილი ათვისება კლინიკური ხელმძღვანელის მუდმივი კონტროლით. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ ონკოლოგი სრულად ფლობს ონკოლოგიურ დაავადებათა პრევენციის, დიაგნოსტიკის, დიფერენციული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის საფუძვლებს. რეზიდენტურის დამთავრებისა და სასერტფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიღებული სერტიფიკატი სპეციალისტ - ონკოლოგს აძლევს უფლებას, დამოუკიდებლად წარმართოს საექიმო საქმიანობა ამბულატორიული სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში, სპეციალიზებულ ონკოლოგიურ კლინიკაში, სომატური პროფილის ან მრავალპროფილურ დაწესებულებაში ონკოლოგად, რაიონულ ონკოლოგად და ქიმიოთერაპევტად.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა