შარდის შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობაზე მუშაობა ჩვენი კლინიკის ურო-გინეკოლოგიური განყოფილების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქალები ხშირად ავადდებიან შარდის შეუკავებლობით, თუმცა ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას ასაკის მატებიასთან დაკავშირებულ კანონზომიერებად მიიჩნევენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ნებას და სრულ ჩართულობას მკურნალობის პროცესში.  შარდის შეუკავებლობა ჯანმრთელობის გაუარესების გარდა სოციალურ პრობლემასაც წარმოადგნს. შარდის შეუკავებლობა სრულად განკურნებადი დაავადებაა, რომელსაც ჩვენს კლინიკაში უროლოგის, გინეკოლოგის, ნევროლოგის და ფსიქოლოგისგან შემდგარი გუნდი უძღვება. სტატისტიკის მიხედვით 60 წელს ზემოთ ყოველ მეორე ქალს აწუხებს შარდის შეუკავებლობა, თუმცა დახმარებისთვის პროფესიონალს მხოლოდ 4% მიმართავს.

დაავადების სიმპტომები და ტიპები

დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და თუ აღმოაჩენთ შემდეგ სიმპტომებს:

- შარდის სტრესული შეუკავებლობა - ხასიათდება შარდის უნებლიე გამოყოფით დაძაბვის შემთხვევაში, როდესაც იზრდება მუცლის ღრუს წნევა, მაგ: ხველების, სიცილის, დაცემინების ან სიმძიმის აწევისას. ასევე, შესაძლებელია შარდის უნებლიე დაკარგვა გამოვლინდეს სიარულის დროს, სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს, მაგ: ადგომისას.

- შარდის ურგენტული შეუკავებლობა - როდესაც შარდის უნებლიე დაკარგვა ხდება უეცარი, მოუთმენელი, იმპერატიული მოშარდვის სურვილის დროს.

- შარდის შეუკავებლობის შერეული ტიპი - როდესაც შარდის სტრესული და ურგენტული შეუკავებლობის სიმპტომები არის კომბინირებული.

შარდის შეუკავებლობის განვითარების მიზეზები

- მცირე მენჯის კუნთების შესუსტება მძიმე მშობიარობის ან ინფექციური ან ნევროლოგიური დაავადების გადატანის შემდეგ.

- საშარდე მილის მობილურობის (მოქნილობის) მომატება.

- საშარდე მილის სფინქტერული (ჩამკეტი მექანიზმი) უკმარისობა.

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა

შარდის შეუკავებლობის გამოსავლენად ჩვენს კლინიკაში დანერგილი გუნდური მიდგომის პრინციპი ზრდის პაციენტის მოტივაციას და ნდობას და ეფექტურს ხდის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. პირველ რიგში ჩვენ ვიყენებთ შარდის შეუკავებლობის სიმპტომატიკის საერთაშორისო კითხვარს და ვთხოვთ შეავსოს შარდვის დღიური. მნიშვნელოვანია ასევე შეფასდეს პაციენტების ცხოვრების ხარისხი, რაც სარწმუნოს ხდის მკურნალობის აუცილებლობას. ექიმი გასინჯვით ადგენს მცირე მენჯის ორგანოების მდგომარობას და კუნთების კუმშვადობის ხარისხს. ლაბორატორიულად მოწმდება შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, სისხლში ესტროგენების დონე. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან გამოიყენება საშარდე სისტემის ექოსკოპია. აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება ცისტოსკოპია და უროდინამიკური გამოკვლევა.

შარდის შეუკავებლობის მკურნალობა

მკურნალობა იწყება ცხოვრების წესის შეცვლით:

- უნდა შემცირდეს კოფეინის მიღება

- საჭიროა ჭარბ წონასთან ბრძოლა

- რეკომენდებულია მუდმივი ფიზიკური აქტივობა

- თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა

- მცირე მენჯის კუნთების ვარჯიში, მათი გაძლიერების მიზნით. ( ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს ექიმის დანიშნულებისამებრ)

- ფიზიოთერაპია - ელექტროსტიმულაცია

- ობტურატორების და პისარიების გამოყენება. (დამჭერი საშუალებები)

მედიკამენტოზური თერაპია:

- ანტიმუსკარინული საშუალებები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც M-ქოლინობლოკატორები. გამოიყენება გადაუდებელი და შერეული შარდის შეუკავებლობის დროს.

- შარდის ბუშტის ლორწოვანში ბოტულოტოქსინის ინექცია

- ესტროგენების (ქალის ჰორმონი) დეფიციტის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია.

ქირურგიული მკურნალობა:

ქირურგიულ ჩარევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატიული თერაპია არაეფექტურია. დღესდღეობით, ქირურგიული მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება ოპერაციები ბადის ჩადგმით, ანუ სლინგური ოპერაციები.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა