მასტოპათია

ჩვენს კლინიკაში მასტოპათიის გამოვლენა და  მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით ხდება. მკურნალობა გულისხმობს ჰორმონული ბალანსის აღდგენას და ყველა, ძირითად გამომწვევ მიზეზზე ზემოქმედებას. სწორედ ამ მიზეზების  გამო აუცილებელია, რომ  მასტოპათია მართოს ექიმთა გუნდმა ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის და მამოლოგ-ქირურგის შემადგენლობით. გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესში, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.

მასტოპათიის  დროული გამოვლენა ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პათოგენეზზე დაფუძნებულ მკურნალობას მინიმუმადე დაჰყავს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.  მართალია, მასტოპათია არ ითვლება ძუძუს კიბოს წინამორბედ დაავადებად, მაგრამ ამ პათოლოგიის მატარებელ ქალებს 3-5-ჯერ ეზრდებათ კიბოს განვითარების ალბათობა.

მასტოპათიის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა დროული და საფუძვლიანი გამოკლევა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსური დიაგნოსტიკის ეფექტურობა ძალიან მაღალია და 98%-ს უდრის.         

 მასტოპათია ორგანიზმში ენდოკრინული სისტემის წონასწორობის დარღვევის ფონზე განვითარებული დაავადებაა, რომელიც ძუძუს ქსოვილის პროლიფერაციულ (გავრცელებად) და რეგრესიულ გადაგვარებაში გამოიხატება. ამ დროს ირღვევა ეპითელური და შემაერთებელქსოვილოვანი კომპონენტების თანაფარდობა. სტატისტიკის თანახმად მასტოპათია  რეპროდუქციული ასაკის (17-დან 45 წლამდე) ქალთა 50%-ში ვითარდება. მენოპაუზის დროს პრაქტიკულად არ გვხვდება; გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიაზე მყოფი ქალები.

პაციენტი მასტოპათიის ნიშნებით თავდაპირველად ხვდება ქირურგ-მამოლოგთან. თუმცა, დაავადების პათოგენეზიდან გამომდინარე შემდგომ მკურნალობაში ერთვება ენდოკრინოლოგიც.

მასტოპათიისას გამოკვლევის მეთოდებია:

  • ხელით გასინჯვა;
  • სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფია;
  • სისხლში ჰორმონების (პროლაქტინის, სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების) დონის განსაზღვრა;
  • დვრილიდან გამონადენის არსებობის გამონადენის ციტოლოგიური გამოკვლევა.
  • კვანძოვანი მასტოპათიის დროს, სიმსივნური წარმონაქმნის ბიოფსია, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა.

მასტოპათიის  განვითარებას საფუძვლად უდევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა. შედეგად ირღვევა სასქესო ჰორმონების, ესტროგენ/პროგესტერონის ბალანსი და იცვლება სარძევე ჯირკვლის ფიზიოლოგია.

          მასტოპათიის განვითარების რისკ-ფაქტორებია:

  • ადრეული ან გვიანი მენარქე;
  • მენოპაუზის გვიანდელი დადგომა (55 წლის შემდეგ);
  • გვიანდელი პირველი მშობიარობა (30 წლის შემდეგ) და არანამშობიარები ქალები;
  • ძუძუთი ხანმოკლე კვება;
  • სპონტანური და ხელოვნური აბორტი;
  • ქალის სასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები: სტრესი, დეპრესია, ნევროზი.

          ძირითადი კლინიკური ნიშნები:

  • ტკივილი სარძევე ჯირკვალში (მასტალგია), რომელიც მატულობს მენსტრუაციის წინა პერიოდში და გადაეცემა იღლიაში, ზურგსა და მხარში;
  • სხვადასხვა ხასიათის გამონადენი ძუძუს დვრილიდან (თეთრი, მოყვითალო ან მომწვანო ფერის);
  • სარძევე ჯირკვლის კონსისტენციის შეცვლა - გამკვრივება, გაჯირჯვება.
საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ
ტელეფონი: +995 32 212 20 02
ფაქსი: 32 230 45 04
ელ ფოსტა: medconsilium@gmail.com

რუკა